LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას“ – მოულოდნელი ვიზიტი და დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას: ბაიდენის მთავარი გზავნილები

332
331916790_754047385917822_1766155674298844841_n

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

მანამდე, იყო ვარაუდი, რომ ბაიდენი 21 თებერვალს პოლონეთს ეწვეოდა, აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის შესახებ კი აქამდე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

ჯო ბაიდენთან შეხვედრის ამსახველი ფოტო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პირველი პირის ვიზიტი უკრაინელების მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.

CNN-ის ცნობით, ვიზიტის დროს ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის, დამატებით, ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის დახმარების შესახებ განაცხადა. 

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, დახმარების პაკეტი მოიცავს მეტ სამხედრო ტექნიკას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალას, მეტი ჯაველინებსა და ჰაუბიცებს.

 

 

ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ მან და ჯო ბაიდენმა ისაუბრეს „შორი მოქმედების იარაღსა და იმ იარაღზე, რომელიც შეიძლება კიდევ დამატებით მიაწოდონ უკრაინას“.

მიმართვის დროს, ბაიდენმა ისაუბრა იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც უკრაინა რუსეთს ერთი წელია უწევს:

„ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას…

კარგია კიევში დაბრუნება. ვფიქრობდი, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რათა არ ყოფილიყო არანაირი ეჭვი ამერიკის უკრაინისადმი მხარდაჭერაში. უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა. მიუხედავად იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რაც კონგრესში გვაქვს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ უკრაინის თავისუფლებაზე, ვსაუბრობთ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უფრო ფართო მასშტაბით.

რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ ჩვენ გაგვიძლებდა. არ მგონია, რომ ახლაც იმავეს ფიქრობდეს. ის შეცდა. ერთი წლის შემდეგ მტკიცებულება არის აქ, ამ ოთახში, ჩვენ აქ ერთად ვდგავართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

უკრაინის პრეზიდენტმა კი მიმართვის დროს აღნიშნა, რომ ბაიდენი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის შეჭრის დროს, უკრაინის გვერდით იდგა:

„დღეს ჩვენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვმასპინძლობთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, ჩამოსვლისთვის. ეს უკრაინის მხარდაჭერის დროს უდიდესი მომენტია. ძალიან ვაფასებ ამას. პრეზიდენტი ბაიდენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს ჩვენ გვერდით იდგა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჯო ბაიდენი კიევში პირველად ჩავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g