LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ არის კლასიკური მეწყერი, საბოლოო ჯამში, გადაადგილება დიდ ლოდებად დამსხვრევას გამოიწვევს: ლაშა სუხიშვილი

1598
ლაშა სუხიშვილი

“ამ შემთხვევაში, რადგან საქმე ბლოკურ მეწყერთან გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ბლოკი გადაადგილდება და საბოლოო ჯამში, გადაადგილება დიდ ლოდებად დამსხვრევას იწვევს,”– ამის შესახებ “ფორტუნას” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოებისა და შესაძლო მეწყრული პროცესის განვითარების შეფასებისას გვითხრა.

მისი განმარტებით, ეს არის განსხვავებული მექანიზმი, ვიდრე კლასიკური მეწყრული პროცესია, რომელიც მიწის სახით ფერდობზე გადაადგილდება.

“შესაძლებელია ვთქვათ, რომ ეს არის ამ ბლოკური მეწყერის გავრცელების არეალი, თუმცა სადამდე შეიძლება გავრცელდეს, ეს რთული სათქმელია, ვინაიდან დასათვლელია და მოდელირებაა გასაკეთებელი, ამიტომ ზეპირად ვერ გეტყვით,” – გვითხრა ლაშა სუხიშვილმა და დასძინა, რომ სეისმოლოგების დაკვირვებით, ეს საკმაოდ დიდი, ბლოკური მეწყერია, რომელიც კვლავ დინამიკაშია.

სუხიშვილის სიტყვებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ დროისთვის სიტუაციიდან გამოსავალი რთული საპოვნელია.

ფოტო: სოციალურ ქსელში საგანგაშო ფოტოები ვრცელდება, რომელიც ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზეა გადაღებული

“ის, რომ ეს ბლოკი ჩამოსვლადია და ის აუცილებლად ჩამოვა, ეს უკვე გასაგებია, მაგრამ ამბავი მხოლოდ ამით არ სრულდება, რადგან ამას აუცილებლად გაგრძელება ექნება ზემოთ და გვერდზე მდებარე, მეზობელი ფერდობების სახით,”- აღნიშნა მან და დაამატა, რომ ამის თქმის საშუალებას სპეციალისტებს ადგილზე  ჩატარებული სამუშაოების კვალი აძლევს.

“კონკრეტულია ჯგუფია მოსული იმისთვის, რომ ამ ბლოკის გადაადგილების სიჩქარე გაზომოს. საინტერესო ისაა, რომ ახლანდელი გამოყენების მეთოდი არის შემდეგნაირი: ჩარჭობილია პალოები და პალოებს შორის დისტანციას ზომავენ. ზოგიერთი პალო დეფორმირებულია და ამით იმის თქმა მინდა, რომ ბლოკი ისევ დინამიკაშია,  გადაადგილება გაჩერებული არაა, თუმცა, ეს პრობლემის გადაწყვეტა არ არის, რადგან დღეს რომ სტაბილურად გამოიყურება,  იმ მეზობელი ფერდობის გააქტიურება ბლოკის ჩამოსვლის შემდეგაც მოხდება,” –  განუცხადა “ფორტუნას” ლაშა სუხიშვილმა.

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლასა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში, თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები არიან ჩართული.

როგორც მან გუშინდელ მთავრობის სხდომაზე თქვა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდა.

„მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა გუშინ ორმხრივად შეიზღუდა. გასულ წლებში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ მეწყრულ არეალში მეორადი გენერაციის მეწყერი განვითარდა. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება.გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

დამეწყრილი უბნის შესწავლასა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში, თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად, ჩართული არიან შესაბამისი უწყებების სპეციალისტები, რათა უმოკლეს ვადებში გატარდეს გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რის შემდეგაც, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული და სამუშაოები დროულად წარმოებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ღონისძიებებში ასევე ჩართულია მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი  და  ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა უსაფრთხოების ნორმების დაცვით,  პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდეს.

mazda magti 5g