LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლარიზაციის დასრულება არ სურს“, „კვერცხების სროლით კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ“ – ოპოზიცია კირთაძეზე თავდასხმას ეხმიანება

149
Untitled design (11)

პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმიანებიან.

„ბედავენ და ადამიანს ქალაქის ცენტრში უშენენ კვერცხებს, მაშინ როდესაც ბრეგაძე მშვიდად დგას და პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას გვიკითხავს“: ნიკა მელია

მომხდარს კარგად ორგანიზებულ ქმედებას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი და აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში მშვიდობისა და პოლარიზაციის დასრულების სურვილი არ აქვს:

„10 წელია საზოგადოებას ჰყოფს, აპირისპირებს, ხლეჩს და საკუთარ ამომრჩეველს კვებავს ბოღმით, შურისძიებით. მუდმივად დაკავებულია, რომ საზოგადოება გახლიჩოს და ერთმანეთთან დააპირისპიროს.

მათ არ გააჩნიათ არაფერი ქართული, არაფერი ადამიანური, არც ზნეობა, არც მორალი და რაც ჩვენ დღეს ბათუმში ვნახეთ, ეს იყო კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ და ჩვენ ვნახეთ გიორგი კირთაძეზე ორგანიზებული ტიტუშკების თავდასხმა.

ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად ორკესტრირებული. ახლა უსამშობლო ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს, რუსულ ოცნებას სურს, რომ რუსული პიარკამპანია, ის, რომ თურმე პრობლემა არ არის იმაში, რომ რუსებს იცავენ და გაარუსეს საქართველო, გადაიტანეს ქუჩაში და ცდილობენ, რუსი ტიტუშკები მიუგზავნონ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ ქართულად და უნდათ ცივილიზებული სამყაროს წევრობა.

დღევანდელი დღეს, თავდასხმა გიორგი კირთაძეზე არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს, რუსულ ოცნებას არანაირი სურვილი მშვიდობის ყოფნის საქართველოში არ აქვს; არანაირი სურვილი პოლარიზაციის დასრულების არ აქვთ, მათი სურვილია დაპირისპირება, ბოღმა, ღვარძლი და ამას აღვივებენ, ამით კვებავენ ამომრჩეველს ყველა არჩევნებზე, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მათი შეთავაზება საკუთარი ამომრჩევლისთვის არის ღვარძლი ბოროტმოქმედება ბოროტება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძეც:

„კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ 2022 წელს ქუჩაში კვერცხების სროლით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ.

გიორგი კირთაძეს არაფერი დააკლდება, მაგრამ წარმოუდგენელია ამ ზიზღმა არ წალეკოს ქვეყანა“.

გიორგი კირთაძეზე თავდასხმას განცხადებით ეხმიანება პარტია „სტრატეგია აღმაშენებელიც“.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გმობს ოპოზიციის წარმომადგენელზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას, რომელიც ცოტა ხნის წინ „ტვ ფორმულას“ პირდაპირ ეთერში განხორციელდა.

ეს არის წინასწარ განსაზღვრული პროვოკაცია ოპოზიციის ლიდერებისა და წარმომადგენლების მისამართით და დასტური იმის, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება ხსნას და გამოსავალს მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებასა და კონფრონტაციაში ხედავს.

მივმართავთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, დროზე შეაჩერონ სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავების ეს მცდელობა და თავდამსხმელის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარონ!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წერვზე თავდასხმას ეხმიანება პარტია „ლელოც“:

„ამწუხაროდ, მმართველობის ათი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ სისტემატურად ახალისებდა ძალადობას და სასათბურე პირობებს უქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებსა და კულტურას. კირთაძის მიმართ დღეს განხორციელებული სამარცხვინო თავდასხმა სწორედ მმართველი გუნდის მიერ წახალისებული აგრესიული კულტურის გამოძახილია.

ეს არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის დევნის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც გვაშორებს ცივილიზებული მსოფლიოს სტანდარტებს, აღრმავებს ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით და პირდაპირ აზიანებს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოპოვების შანსებს.

„ლელო“ გმობს კირთაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას და მოუწოდებს ხელისუფლებას, იმოქმედოს კანონის შესაბამისად აგრესიის ჩამდენი პირის მიმართ“.

შეგახსენებთ, დღეს, ბათუმში, სატელევიზიო ჩართვის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. კირთაძეს მამაკაცმა თავდაპირველად კვერცხი ესროლა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g