LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ლარის უპატრონობა და მიგდებულობა” – 2.80 ვალუტის ახალი რეკორდია

929
LARIS KURSI

ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე კვირაა უფასურდება – დღეს დილიდან ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.80 ლარი ღირს.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი გუშინ დაადგინა. ოფიციალური მონაცემებით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარი გახდა, როდესაც 2.7424 ლარი იყო. გუშინ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც, რომლის კურსი 3.0643 ლარია.

 

საქართველოს და თიბისი ბანკის ვალუტის კურსი – 21.05.19

 

აღსანიშნავია, რომ პერმანენტული გაუფასურება დოლართან და ევროსთან მიმართებაში თვის დასაწყისში დაიწყო. მარტის მონაცემებით ექსპორტში 12%-იანი ზრდა გვაქვს, იმპორტი კი 4%-ით არის შემცირებული; ტურიზმიდან შემოსავლები და გზავნილები სეზონურად გაზრდილია და შესაბამისად რა იწვევს კურსის ასეთ მერყეობას უცნობია.

ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ ლარს განსაკუთრებული არაფერი სჭირს.

“ლარს იგივე სჭირს რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში სჭირდა. ეს არის მისი აბსოლუტური უპატრონობა და მიგდებულობა. საქართველოში ლარის ვარდნა ფაქტობრივად, ყოველთვის ქვეყნიდან კაპიტალის გასვლასთანდაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი აღარ რეაგირებს ლარის ვარდნაზე, იმიტომ რომ არ უნდა სავალუტო რეზერვების ხარჯვა. ეს სიტუაცია იქნება მუდამ, სანამ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა არ იქნება იმ დონეზე შეგნებული, რომ სავალუტო ინტერვენციებით ხელი შეუწყოს ლარის კურსის დასტაბილურებას და არ დაანგრიოს საქართველოს ეკონომიკა,” – განაცხადა ლია ელიავამ.

რაც შეეხება მცურავ კურს ექსპერტი აცხადებს, რომ როცა კურსის მნიშვნელოვანი ვარდნაა, ყველა ქვეყანა სადაც მცურავი კურსია, ინტერვენციებს ახორციელებს – ეროვნული ბანკი კი საქართველოში ამისთვის არაფერს აკეთებს.

“კურსი მცურავია და ამიტომ რაც უნდა ეკონომიკას ის მოუვიდეს, ეს სახლემწიფო ხედვა არ არის ამ საკითხის. შესაბამისად, შედეგებზე ლაპარაკიც ზედმეტია. ქვეყანაზე, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, მცირე ვარდნაც კი ფასების ზრდით გამოიხატება. ფასის ზრდა კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შემოსავალი უფასურდება, იზრდება ინფლაცია და მოსახლეობა ღარიბდება,” – აღნიშნა ელიავამ.

 

 

ყოველდღიური და მცირე ვარდნა – ეს ხდება უკანასკნელი თვის განმავლობაში, რამდენად საგანგაშოა რამდენიმე პუნქტით ლარის გაუფასურება?  ამ კითხვაზე ლია ელიავა გვპასუხობს, რომ ეს კატასტროფაა.

“მთლიანად ეკონომიკა დამოკიდებულია დოლარისა და ლარის გაცვლით კურსზე, ასე რომ არ იყოს, ჩვენი ეკონომიკა თვითკმარი რომ იყოს და იმპორტზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები, ვარდნა არც შესამჩნევი იქნებოდა და არც საგანგაშო…” – ამბობს ლია ელიავა.

აღსანიშნავია, რომ განგაშის ზარები არც ეროვნული ბანკს, არც მთავრობას და არც გარე ძალებს ჩამოუკრავთ. გუშინ, სავალუტო ფონდმა გვირჩია, რომ ლარისადმი რწმენა გავაძლიეროთ.  ამის შესახებ სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდიმ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან ეს არის დამცავი ბუფერი.  

სავალუტო ფონდი გვირჩევს ლარისადმი რწმენა გავაძლიეროთ

კრისტინ ლაგარდი - საქართველომ საკუთარი ვალუტისადმი რწმენა უნდა გაიძლიეროს

„საქართველოს ეკონომიკა სუსტია გარე რისკების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ ზეწოლას ვაჭრობის და ფინანსური რყევების ფონზე. პოლიტიკის განმსაზღვრელებმა შეიძლება დაიცვან ქვეყანა ამ რისკებისგან ძალიან სრულყოფილად. უნდა ჰქონდეს ქყეყანას გაცვლითი კურსის მოქნილობა, რადგან ეს არის დამცავი ბუფერი, რაც საქართველოს აძლევს კონკურენტულ უპირატესობას, ეს არის ეკონომიკა, რომელსაც გარე მოთხოვნა განაპირობებს და ეს სისუსტე საქართველოში შესამცირებელია” – აცხადებს კრისტინ ლაგარდი.

ლარის გაუფასურებაზე არც მონეტარული პოლიტიკის მაისის ანგარიშშია ნათქვამი რაიმე. სამაგიეროდ, ამ ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ ინფლაციის დონე საქართველოში მაღალი არ არის, თუმცა აპრილში გაიზარდა და 4.1% შეადგინა.

“წინასწარი მონაცემებით, საგარეო სექტორის გაუმჯობესების ტენდენციები 2019 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა. წლის დასაწყისიდან ინფლაციის მაჩვენებელი 3%-იანი მიზნობრივი დონის ახლოს მოძრაობდა. აპრილში წლიური ინფლაცია გაიზარდა და 4.1% შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა კერძოდ ეს იყო წლის დასაწყისში, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდა. ასეთ ერთჯერად ფაქტორებს, ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა აქვთ და ცენტრალური ბანკები მათზე არ რეაგირებენ,” – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან დონეს დაუახლოვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები