LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის სივრცე, სადაც ყველას შეუძლია თავისი თეატრი იპოვოს“ – ზაალ ჩიქობავა

855
ზაალ ჩიქობავა - ჰედერი

Show and Dinner ანუ ვახშამი სანახაობით – სივრცე, სადაც წარმოდგენით ტკბობას ვახშმის თანხლებით შეძლებთ, სულ ახლახან გაიხსნა.

თეატრი“ „წისქვილი ჯგუფის“ მულტიფუნქციური სივრცეა, რომელსაც საქართველოში და, მეტიც, ამიერკავკასიაში ანალოგი ჯერ არ აქვს. ამიტომ, მის უკეთ გასაცნობად და იმის გასარკვევად, თუ რა ტიპის სანახაობებს შემოგვთავაზებს სივრცე, „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ზაალ ჩიქობავას დავუკავშირდით.

 

რა კონცეფციას ეფუძნება „წისქვილი ჯგუფის“ ახალი სივრცე – „თეატრი“ და რას უნდა ველოდოთ მისგან?

დასავლეთში ამგვარი სივრცეებს Dining Theatre-ს უწოდებენ, რაც სანახაობასთან ერთად სტუმრების ვახშმით გამასპინძლებასაც გულისხმობს. „თეატრიც“ სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ აქ ერთნაირად მნიშვნელოვანია სანახაობა და გასტრონომია.

„თეატრში“ ყველაფერი შეიძლება ნახოთ საბალეტო თუ საოპერო წარმოდგენა, მიუზიკლი, კლასიკური და თანამედროვე მუსიკოსების კონცერტი, დაესწროთ ფესტივალს, გალა ვახშამს, კორპორაციულ ღონისძიებას, ტრენინგს, კონფერენციას, ქორწილს, დაბადების დღეს, ერთი სიტყვით, აქ ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებაა შესაძლებელი. სივრცეც იმგვარადაა მოწყობილი, რომ ის შინაარსისა და თემის მიხედვით მარტივად გარდაიქმნას. ის, რაც უცვლელი იქნება, არის სცენა – ვფიქრობ, სწორედ მისი ინსპირაციით, მის გარშემო აეწყობა ყველა ღონისძიება და მეტ თეატრალურობას შესძენს მათ.

 

ვის შეეძლება „თეატრით“ სარგებლობა, ვისთვისაა ის განკუთვნილი?

„თეატრი“ არის სივრცე ყველასთვის – აქ ყველას შეუძლია თავისი თეატრი იპოვოს და  უნიკალური გამოცდილება მიიღოს. ჩვენი მულტიფუნქციური სივრცე ე.წ. მოწვევის პრინციპზე იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ ეყოლება ერთი უცვლელი დასი, ის სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლებს. „თეატრით“ სარგებლობა შეეძლებათ მათაც, ვინც თავად მოისურვებს აქ ღონისძიებისა თუ სანახაობის გამართვას. მათ „თეატრის“ გუნდი უმასპინძლებს და ორგანიზების პროცესში და დარბაზის შესაძლებლობების სრულად ათვისებაში დაეხმარება. გამორჩეულ ვახშამს კი ჩვენი სამზარეულო შესთავაზებს.

რაც მთავარია, დარბაზი სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე განათებისა და აუდიო სისტემებით და სხვა საჭირო ინვენტარით. ეს კი შესაძლებელს ხდის „თეატრმა“ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებს უმასპინძლოს.

 

„თეატრის“ ოფიციალური გახსნა 25 ნოემბერს იგეგმება, რას შესთავაზებთ ამ დღეს სტუმრებს?

გახსნის საღამო ძალიან დასამახსოვრებელი იქნება. პირველ წარმოდგენას The Show დავარქვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმრებს მართლაც განსაკუთრებული შოუ ელით. წინასწარ ბევრს ვერაფერს გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით, რომ მის შექმნაში ჩართული არიან საუკეთესო დამდგმელი მხატვრები და ქორეოგრაფები. მასში მონაწილეობას კი ხელოვნების სფეროს ბევრი გამორჩეული წარმომადგენელი იღებს, მათ შორის, ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ანანიაშვილი თავისი საბალეტო დასით.

 

და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიყვარებს „თეატრს“ ქართული საზოგადოება?

„წისქვილი ჯგუფს“ უკვე 20 წლიანი ისტორია აქვს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ყველა მიმართულება ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, „თეატრიც“ თავისი ხარისხისა და უნიკალურობის დამსახურებით, ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და საყვარელ ადგილად იქცევა.  ამასთან ერთად, მჯერა, რომ „თეატრი“ ახალ სიტყვას იტყვის ხელოვნების სფეროში და ის იქცევა ახალი იდეების დაბადების, ექსპერიმენტებისა და გამოცდილების გაზიარების ჰაბად.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები