იქ რა ნაწილიც მოვისმინე, რამე ტრაგიკული არ [ყოფილა] თუ ეს მართალია და არ არის დამონტაჟებული, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა გავრცელებულ ჩანაწერს, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს.
“ჯერ ერთი, ეს უკანონო ჩანაწერები როდის უნდა დასრულდეს?! ფაქტი ერთია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უსმენენ თავიანთ ბიზნესმენებს თუ გარკვეულ წრეებს და შემდეგ ეს ჩანაწერები, რატომღაც, ოპოზიციურ არხებზე ხვდება.
ამაზე ჩვენ ადრეც გამოვთქვით გარკვეული საფუძვლიანი ეჭვი, მაგრამ ახლა საბოლოოდ დადასტურდა.
საუბარი რაზეა – ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს, ეს არის და ეს”, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში “კიბერ კმარას” მტკიცებით “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი გავრცელდა.
აღნიშნული სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ, რათა მოიფიქრონ, როგორ აუარონ გვერდი დაწესებულ სანქციებს.