LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა ყოველდღე ახალ ანტირეკორდს ამყარებს – ვინ როგორ ებრძვის “ომიკრონს”

354
1

პანდემიის ორი წლის თავზე, მსოფლიო კოვიდშემთხვევების ზრდით ახალ რეკორდებს ამყარებს.

მრავალ ქვეყანაში, ინფექციის დღიური მაჩვენებლის სტატისტიკამ განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო ზრდა, რაც გასული წლის ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამი, “ომიკრონი” აღმოაჩინეს.

პროგნოზები, რომლებსაც ჯანდაცვის ექსპერტები აკეთებდნენ, ფაქტია, მართლდება – მაშინვე აღინიშნა, რომ რადგან ახალი ვარიანტი მუტაციების საკმაოდ დიდ რაოდენობას შეიცავს, “ომიკრონი” სწრაფად გავრცელდებოდა და დიდი ალბათობით, ის იანვრის ბოლოს უამრავ ქვეყანაში დომინანტი გახდებოდა. 

მსგავსი განცხადება ორი დღის წინაც მოვისმინეთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ თუ “ომიკრონი” გავრცელებას ამ ტემპით გააგრძელებს, ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მომდევნო 6-8 კვირაში სწორედ ამ შტამით იქნება ინფიცირებული.

 

 

“ომიკრონის” შტამი და დღიური ანტირეკორდები – ევროპა გამოსავალს კვლავ ზომების გამკაცრებაში ხედავს 

 

საგანგაშოა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა – 3-დან 9 იანვრამდე პერიოდში, მსოფლიოში 15 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ წინა შვიდ დღესთან შედარებით ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი 55%-ით არის გაზრდილი.

ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი უმეტესად ევროპაში ფიქსირდება.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, რომ “ომიკრონის” გავრცელება ევროპის მთელს კონტინენტზე, კოვიდ-19-ს უბიძგებს, გახდეს ენდემური დაავადება, რომლითაც კაცობრიობას შეუძლია იცხოვროს.

ყოველდღიურად, რეკორდულად იზრდება შემთხვევების რიცხვი გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში.

გუშინ, გერმანიაში 80 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან დღემდე;

ასევე რეკორდულია ბულგარეთის მონაცემიც – დღიური 7 062 შემთხვევით;

ანტირეკორდებს ყოველდღიურად აუმჯობესებს საფრანგეთიც – წინა ანტირეკორდი 5 იანვარს დაფიქსირდა – დღიური 332 252 შემთხვევა.

გუშინ 368 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღევანდელი მონაცემებით კი, ბოლო 24 საათში, 361 719 ადამიანი დაინფიცირდა.

აღსანიშნია ისიც, რომ საფრანგეთის სენატმა დღეს მხარი დაუჭირა კოვიდპასპორტების შესახებ კანონის შესწორებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებით ზომები მკაცრდება.

აღნიშნული კანონი საფრანგეთის მოქალაქეებს ავალდებულებს, რესტორნებში, ბარებში, კულტურულ ღონისძიებებზე და შორ მანძილზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, მატარებელსა და თვითმფრინავში, კოვიდპასპორტი წარადგინონ.

შესაბამისად, “კოვიდ-19”-ის ტესტის ნეგატიური პასუხი ამ ადგილებში შესასვლელად საკმარისი აღარ იქნება.

ცოტა ხნის წინ, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ პირობა დადო, რომ არავაქცინირებულებს ცხოვრებას გაურთულებს.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, არავაქცინირებულებს ციხეში არ გაუშვებს, თუმცა მათ დაბრკოლებებს შეუქმნის და “მათ შეწუხებას გააგრძელებენ”.

ვირუსის ახალი ტალღის პარალელურად, ახალი შეზღუდვები შედის ძალაში შვედეთშიც:

გამკაცრებული შეზღუდვების პაკეტის მიხედვით, ბარები და რესტორნები ღამის 11 საათზე იხურება, ასეთ დაწესებულებებში  დაუშვებელია შევიდეს ერთად მყოფ 8 ადამიანზე მეტი.

ქვეყნის ხელისუფლება მოზარდებს მოუწოდებს, შეზღუდონ სოციალური კონტაქტები და უარი თქვან მასშტაბურ შეკრებებსა და დღესასწაულების აღნიშვნაზე.

მიღებული ზომები ძალაში რჩება შემდგომ დადგენილებამდე და განიხილება ყოველ 14 დღეში.

შემთხვევების რეკორდულ ზრდაზე მიუთითებს სტატისტიკა საუდის არაბეთშიც, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი რიცხვი – დღიური 5 362 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.

“წითელი ჯვარის” განცხადებით, “ომიკრონი” სამხრეთ აზიის ჯანდაცვის სისტემებს დიდი დარტყმით ემუქრება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, ევროპაში მცხოვრებთა ნახევარზე მეტი, ორ თვეში, სავარაუდოდ, სწორედ ომიკრონით იქნება ინფიცირებული.

ჯანმო-ს ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ ვაქცინის გამაძლიერებელი (მესამე-მეოთხე) დოზების პრინციპი არ არის კარგი სტრატეგია ვირუსის განვითარებადი ვარიანტების წინააღმდეგ და რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო – ჯერ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა აიცრას ვაქცინების პირველი დოზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები