LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: „დიდი მოლოდინია, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება“

138
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი თებერვალ-მარტში კოვიდ-19-ის შემთხვევების მოსალოდნელ მატებაზე საუბრობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მოლოდინია, 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იყოს.

ივანე ჩხაიძე „ომიკრონის“ ახალი ვარიანტის „კრაკენის“ შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის სიმძიმით არ გამოირჩევა, თუმცა გადადების მაღალი უნარი აქვს და სწორედ ამიტომ, ჯანმო-მ პანდემიის დასრულების გამოცხადებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა:

„კორონავირუსის შედარებით ახალი მუტაცია არის ე.წ. XBB.1.5, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში აშშ-ში დაფიქსირდა პირველად და არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა, რამაც ამერიკაშიც, ევროპასა და საქართველოში შემთხვევების მატება გამოიწვია.

ამ ვარიანტის გადადების უნარიდან გამომდინარე, ჯანმო-ს და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება, როგორც 2022 წლის ზაფხულში იყო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, არ იწვევს ქვემო სასუნთქი გზების დაზიანებას და ლეტალობა ნაკლებია, რისკ ჯგუფებისთვის, შესაძლოა, მაინც აღმოჩნდეს გართულებების გამომწვევი. ამის გამო ჯანმო-მ თავი შეიკავა პანდემიის დასრულების დეკლარირებისგან.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ერთ-ერთი ბოლო მუტაცია, რომელმაც შეიძლება შემთხვევების მატება გამოიწვიოს, დიდია მოლოდინი, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება. ამავდროულად ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მომდევნო პერიოდში, თებერვალ-მარტში იქნება კორონავირუსის შემთხვევების მატება, ახალი ტალღა, ამის უკან იქნება სწორედ ეს ახალი მუტაცია იქნება. მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების და არა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მატება“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაციის საკითხი დღემდე აქტუალური რჩება:

„კორონავირუსის პრევენციისთვის არ არსებობს არც ერთი სხვა ეფექტიანი ღონისძიება ვაქცინაციის გარდა. საუბარია ვაქცინების მე-3 და მე-4 დოზაზე, რაც „ომიკრონის“ წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიან შესაძლებლობად რჩება.

ამიტომ რისკ ჯგუფებისთვის: 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ვისაც ვაქცინაციის ორი დოზა აქვს ჩატარებული, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება მე-3 და მე-4 დოზის გაკეთება“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები