ევროპულმა პარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემას.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის წევრი ბელგიიდან გაი ვერჰოფშტადტი წერს და ევროსტრუქტურიდან ხმის მიცემის მონაცემების ფოტოს აქვეყნებს.
რეზოლუცია მოუწოდებს სამიტში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებს, მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას „დაუყოვნებლივ.“ ქვეყნებისთვის კანდიდატების სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე მიიღება, რომელიც დღეს ბრიუსელში იწყება და ორ დღეს გაგრძელდება.
რაც შეეხება საქართველოს, რეზოლუციის მიხედვით, გაცემულია იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს.
„პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.
უკრაინელები, მოლდაველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და კეთილდღეობის მქონე ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან.“– აცხადებენ ევროპარლამენტარები.
17 ივნისს ევროპულმა კომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კი ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა დაუდასტურა, ხოლო კანდიდატობის გადაცემისთვის დასახა პრიორიტებები, რომელთა შესრულების შემდეგაც საქართველო სტატუსს მიიღებს.