LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FBI-ში მოთხოვნა გაგზავნილია, დრონის კადრები მიღებულია, საქმე უმოკლეს დროში უნდა გამოიძიონ – ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა შსს-ში

118
ergh

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, ადვოკატთან ერთად დღეს შს სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც ისინი მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ 23 წლის პროგრამისტის დედამ და ოჯახის ადვოკატმა მედიის კითხვებს უპასუხეს. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მან შვილის გარდაცვალების საქმეზე გარკეული სახის ინფორმაცია მიიღო. მისი თქმით, მათი მოთხოვნა საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვის შესახებ დაკმაყოფილდა და შესაბამისი წერილი ქართული ძალოვანი უწყებიდან უკვე გაგზავნილია ადრესატთან.

“დღეს შევხვდით მინისტრის მოადგილეს. მივიღე გარკვეული ინფორმაცია. აქამდე ვაკუუმში ვიყავი, დღეს მეტი გავიგე. მოსულია უკვე დრონის მასალა, თუმცა მისი ნახვა დღესვე ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ბაჩანა ლობჟანიძის საკითხს, ეს პიროვნება გამოსაკვლევია”, – აცხადებს თეობა თამაზაშვბილი.

“მოგზავნილია, დაბნეული ლაპარაკობს დაზეპირებულ ფრაზებს, ის ჩემს შვილს საერთოდ არ იცნობდა” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ბაჩალიაშვილების ოჯახის უფლებადამცველი ამბობს, რომ სამინისტროს მხრიდან არის შეთავაზება და სრული მზაობა საქმეში ჩაერთოს გამოძიების ფედერალური ბიურო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვიერი დაპირება. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა კონტექსტში ჩაერთვება FBI გამოძიებაში.

“სამინისტროს მხრიდან არის სრული მზაობა და შეთავაზება, რომ აღნიშნულ საქმეში ჩაერთოს გამოძიების ფედერალური ბიურო. შესაბამისი მოთხოვნით წერილი უკვე გუშინ გააგზავნეს და ამ დროისათვის ველოდებით პასუხს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმის თაობაზე, თუ რა კონტექსტში და რა მიმართულებით ჩაერთვება ფედერალური ბიურო გამოძიებაში. აქვე გეტყვით, რომ ეს არ უნდა იყო მხოლოდ მოჩვენებითი და სიტყვიერი დაპირება. ჩვენ ვნახეთ საქმის მასალები და უფრო მეტი კითხვები გვაქვს. მომავალ კვირას ჩვენ ისევ გვექნება შეხვედრა”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატის განმარტებით, ბაჩალიაშვილების ოჯახი თუ დაინახავს, რომ გამოძიება შენელდება და ვერ მიიღებენ პასუხებს კითხვებზე, ისინი შსს-დან გადაინაცვლებენ პროკურატურის შენობაში, თუმცა უფლებადამცველი იმედს იტოვებს, რომ საქმის გამოძიება დაჩქარდება. მან ასევე ისაუბრა შსს-ს მიერ ბაჩალიაშვილის ძებნის პერიოდში გადაღებულ დრონის ჩანაწერზე და განმარტა, რომ მასალა უკვე მიღებულია, თუმცა ის მოცულობით დიდია, ამიტომ სანამ მისი გადაწერა არ მოხდება, მისი ნახვის შესაძლებლობა არ მიეცემათ.

 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები