LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია “უცნობს” პასუხობს: სად დაინახეს ამ ჩანაწერში, რომ ჩვენ ვახდენთ ფაბრიკაციას, ვერ შეგვაშინებთ.. გვითვალთვალეთ რამდენიც გინდათ

1122
უცნობი და გაბუნია

„გვითვალთვალეთ რამდენიც გინდათ, ეთერშიც და ეთერს მიღმაც. მადლობა, რომ არაფერს ტოვებთ“, – ასე აფასებს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია უცნობის გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს – კოალიცია

გიორგი გაბუნიამ ომბუდსმენს, NGO-ებს, ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა.

„გუშინ საღამოს ხელისუფლებამ მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიის, „მაესტროსა“ და თავისი აგენტის უცნობის ხელით გამოაქვეყნა უკანონო ჩანაწერი. რომელიც გაკეთებულია აქ, „მთავარი არხის“ შენობაში, სადაც იკრიბებიან „პოსტ ფაქტუმის“ ჟურნალისტები და პროდიუსერები და გეგმავენ გადაცემებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართული „ოცნების“ პირობებში ქვეყანაში არ დარჩა სივრცე, სადაც არ გვითვალთვალებენ, ან არ გვისმენენ. მათ შორის უკანონოდ უსმენენ გამოძიებაზე მომუშავე ჟურნალისტებს, არამარტო  ქუჩაში, არამედ ოფისებში და არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით ხდება.

რა მიზანს ემსახურებოდა ამ ჩანაწერის ახლა გაჩენა? 

როგორც თავის დროზე ჰაკიმ ფაშას ვიდეოს გამოგდება და შემდეგ გამოძიების დაწყება. დავით ხიდაშელის მიერ რუკების ჩამოტანა და კარტოგრაფების საქმის წამოწყება. რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამჯერად ამ ჩანაწერის გამოქვეყნება. ამას დიდი ალბათობით მალე ვნახავთ.

ან რისთვის დასჭირდათ ჩვენი საუბრიდან სწორედ ამ ფრაგმენტების ამოღება? ხომ ნათელია ყველასთვის, რომ მხოლოდ ეს მონაკვეთი არ იქნება ჩაწერილი. რამდენს იწერენ და რამდენ ადგილას.

იმ ისტორიის, რომელმაც უცნობმა გვიამბო, ბუნებრივია, არავის სჯერა. თუ როგორ მივიდა თურმე მასთან სინდისისგან შეწუხებული პიროვნება და  ასე საკუთარი ნებით ჩაწერა. შემდეგ როგორც გამოდის, ნოემბრიდან აქამდე ინახავდა. ახლა რატომღაც ვეღარ აიტანა ამდენი და გადაწყვიტა გია გაჩეჩილაძისთვის ამ ჩანაწერის გადაცემა. ამ ისტორიის, ხომ არავის სჯერა. ფაქტია, რომ მასალა გამოქვეყნდა სამთავრობო არხზე და დამატებით გაჟღერდა იმედის ეთერში. რითაც ვითომ ჩვენს მხილებას შეეცადნენ და სინამდვილეში ამხილეს საკუთარი თავი.

როგორც უკვე ვთქვი, ჩანაწერი რეალური საუბრის ფრაგმენტებს შეიცავს. ეს განხილვა ჩემი და ჩემი კოლეგების მეშვეობით ნამდვილად შედგა. ამ შენობაში 2021 წლის ნოემბერში, როდესაც მე „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი ვიყავი, თუმცა როგორც ყოველთვის აქაც შეიმჩნევა მონტაჟის კვალი.

საუბრის შინაარსის და დეტალების განხილვას მე არ ვაპირებ. ისევე როგორც ამ არხზე არ განვიხილავთ სხვა უკანონო ჩანაწერების შინაარსს. ერთს ვიტყვი მხოლოდ, სად დაინახეს ამ ჩანაწერში, რომ ჩვენ ვახდენთ ფაბრიკაციას.

აქ საქმე გაგების პრობლემასთანაც გვაქვს. პლუს სრულიად შეგნებულად იტყუებიან. 

დანაშაული აქ მხოლოდ ერთ დეტალშია, რომ საქმე ტოტალურ მოსმენასთან გვაქვს, რისი მიზანიცაა ძალაუფლების კიდევ უფრო მიტაცება. მინდა მივმართო ომბუდსმენს, NGO-ებს, ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, აუცილებლად დაინტერესდით „მთავარ არხზე“ ჟურნალისტების მოსმენის ფაქტით. შეისწავლეთ თქვენ მომხდარი და მოახდინეთ სათანადო რეაგირება, რადგან ჩვენს ქვეყანაში აღარ არსებობს არც მიუკერძოებელი გამოძიება და არც დამოუკიდებელი სასამართლო. თქვენს გარდა ჩვენ უბრალოდ აღარ დაგვრჩა დამოუკიდებელი ინსტანცია, რომელსაც შეიძლება, მივმართოთ და ვენდოთ.

ჩვენო ადგილობრივო ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო, ნახეთ, რა პირობებში უწევთ მუშაობა კრიტიკულ მედიას.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი აბსურდული ბრალდებით ციხეშია. ჟურნალისტებს ოფისებში გვისმენენ და გვითვალთვალებენ, როგორც რუსეთში. ქუჩაში გვირტყამენ და გვასახიჩრებენ, ისევე როგორც რუსეთში და პარალელურად მიტაცებული პარლამენტით ისეთ კანონებს იღებენ, რომ ჩვენ ფაქტობრივად არსებობდა ვეღარ შევძლოთ, ფინანსურად ჩამოვიშალოთ და დავიხუროთ. “- განაცხადა გიორგი გაბუნიამ „მთავარი არხის“ ეთერში და დასძინა.

„ქართულ ოცნებას” ვეტყვი:

ჩანაწერების გამოქვეყნებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას და უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ოლიგარქის ხელისუფლების მხილებას, რომელიც საქართველოს დასავლეთს აცილებს და პუტინის ინტერესებს ატარებს“, – განაცხადა მან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g