LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

95
pjimage-30

3 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ,”-ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს თანასპონსორებთან ერთად რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა და 84 სახელმწიფო შეადგინა.

გასული წლის მსგავსად, გაეროს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 54 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, ცხადყოფს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მსოფლიო მასშტაბით ჩOVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს უპრეცედენტო სირთულეების პირობებში მოუხდა რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება. პანდემიით გამოწვეული იძულებითი ცვლილებების მიუხედავად, რამაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის გამართვა რამდენიმე თვით შეაჩერა, საქართველოს რეზოლუცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ მუშაობის განახლებისთანავე მიიღო.

ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ გაერო-ს სხვადასხვა ორგანოში მოქმედი მკაცრი რეგულაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გულისხმობს, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებას.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე“,-აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები