LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა მთავრობას ბავშვების ოჯახურ ზრუნვაში გადაყვანის პროცესში დაეხმაროს

93
UNICEF

„იუნისეფი მზადაა მთავრობას დაეხმაროს – დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს,“ – ამის შესახებ განცხადებას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს და წერს, რომ ბავშვების ინსტიტუციებიდან გამოყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა, ხოლო მათი ტრავმირების თავიდან ასაცილებლად პრიორიტეტი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა მიენიჭოს.

ორგანიზაციის შეფასებით, საჭიროა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების შეფასება, რის საფუძველზეც ბავშვების ოჯახურ და სათემო ზრუნვაში გადაყვანა უნდა მოხდეს  და ამ პროცესში პრიორიტეტი ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას უნდა მიენიჭოს.  

გარდა ამისა, აღნიშნულ პროცესში მხოლოდ ბავშვებთან მუშაობისა და კომუნიკაციის სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები უნდა მონაწილეობდნენ.

„ბავშვების მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება სწრაფად და ბავშვზე მორგებული პროცედურების დაცვით უნდა  ჩატარდეს. შესაბამის საგამოძიებო პროცედურებში ჩართული ბავშვები დაცული უნდა იყვნენ: მათი ტრავმირება და ვიქტიმიზაცია ყველანაირად უნდა იყოს თავიდან არიდებული. აღნიშნულ პროცესში მათ უნდა მიეწოდოთ იურიდიული დახმარება და სრულად მიენიჭოთ ყველა სხვა საჭირო გარანტია,“ – ნათქვამია იუნისეფის განცხადებაში.

მათივე შეფასებით, ამასობაში სოციალური მუშაკები და სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი  უწყებების სპეციალისტები ყველა ინსტიტუციაში რეგულარულ ვიზიტებს უნდა ახორციელებდნენ, რათა უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პროფესიული შეფასება.

იუნისეფის განცხადებით, ინსტიტუციებში მოთავსებულ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შეტყობინების მექანიზმზე, რათა განაცხადონ ძალადობის ან უდიერი მოპყრობის  შესახებ.

„ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები, რათა განისაზღვროს შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა და საჭირო პროფესიული მხარდაჭერა. საჭიროა გაძლიერდეს თავად ალტერნატიული ზრუნვის და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები, რათა ინსტიტუციის დატოვების შემდეგ ბავშვებს, მათ ოჯახებსა და მათთან მომუშავე პროფესიონალებს ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა.

შესაბამისი მონაწილეები დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივს უნდა სცემდნენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი სივრცის უფლებას,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებების შესახებ კონსტრუქციულ დიალოგს.

მათი განცხადებით, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული ოჯახების გაძლიერებისკენ და ბავშვების ოჯახებში შენარჩუნებისაკენ, ვიდრე დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციების დაფინანსებისკენ.

„გრძელვადიან პერსპექტივაში იუნისეფი მხარს დაუჭერს ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის მიზეზების კვლევას და დაეხმარება დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და განხორციელებას და ხელს შეუწყობს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, გაეროს ბავშვთა ფონდი 2005 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას.

„იუნისეფი გააგრძელებს დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებაში და ყველა ბავშვისა და მათი ოჯახებისთვის ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობის ხელშეწყობაში,“ – ვკითხულობთ გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებაში.

 

magti 5g