“გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს მიდის ამ არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს “საქართველოში ახლად დაწესებულ ბატონყმობას გადააგდებს.
„რვა წელიწადი, თითქმის 3 000 დღე, 70 000 საათი ვითმინეთ საქართველოში ახლად დაწესებული ბატონყმობა, ხომ ამოგივიდათ ყელში?, 31 ოქტომბერს ხომ გადავაგდებთ ამ ბატონყმობას?, ხომ დავუბრუნებთ საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს პერსპექტივას, ნორმალურ სკოლებს, ნორმალურ მედიცინას, ნორმალურ ჯანდაცვას და იმ პატივისცემას, რომელიც ჩვენს სამშობლოს ჰქონდა და რომელიც ასე უაზროდ გაფლანგა ამ ვითომ ხელისუფლებამ.
ერთი თხოვნა მაქვს, გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს არჩევნებზე მოდის გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებითა და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით”,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ოპოზიციის მხარდამჭერები იმყოფებიან.