LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახელაძის ოჯახი, ორგანიზებას უწევს აქციას „რესპუბლიკის საზღვრის“ უშუალო სიახლოვეს – ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება: ოკუპირებული ცხინვალის „კგბ“

84
ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ე.წ. „რესპუბლიკის“ „სახელმწიფო საზღვარზე“ ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება.

ინფორმაციას სააგენტო „RES”-ი ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ „უშიშროების კომიტეტში“ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 15 ივნისის შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ბედიც განიხილეს, რომელიც სასჯელს „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და რესპუბლიკის სასაზღვრო ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებისთვის“ იხდის.

„საქართველოში ოპოზიციური ძალები მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ე.წ. კომიტეტის ცნობით, 17 ივნისს, საზოგადოებრივი მოძრაობის – “ძალა ერთობაშია”- ლიდერმა დავით ქაცარავამ Facebook- ის საკუთარ გვერდზე 2021 წლის 23 ივნისს დაგეგმილი „მორიგი პროვოკაციული ინიციატივის“ შესახებ დააანონსა, რომლის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებას მსჯავრდადებულის გათავისუფლების მიზნით მეტი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდოს.

„დ. ქაცარავის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ზ.გახელაძის ოჯახი, არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ორგანიზებას უწევს საპროტესტო აქციას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რის შემდეგაც მონაწილეები აპირებენ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას.

“ძალა ერთობაშიას” საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს მცდელობას, რომ მონაწილეები სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაარწმუნონ,“- აცხადებენ ე.წ კომიტეტში.

მათივე განცხადებით, ასეთი პროვოკაციული ინიციატივების განხორციელება, ვინც არ უნდა იყოს მისი ინიციატორი, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოლაპარაკებების პროცესს.

ოკუპირებული ცხინვალის „კგბ“-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „სახელმწიფო საზღვარზე“ დამყარებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება მოქმედი „კანონმდებლობის“ ფარგლებში. ე.წ. უშიშროების კომიტეტი ასევე მოუწოდებს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებსა და მოქალაქეებს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.

„ნებისმიერი პირი, რომელმაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინა, ექვემდებარება სასჯელს ან სხვა ზომებს, რომლებსაც „რესპუბლიკის“ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ხორციელდება, თუ არსებობს საფუძველი და კანონით გათვალისწინებული პირობები, მაგრამ არა პოლიტიკური შანტაჟის შედეგად ”, – აცხადებენ კგბ-ში.

პოპულარულები