LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამარჯობა: ქართული პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს ესალმება

608

ბაზარზე ახალი ქართული პროდუქტი გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ესალმება. ”გამარჯობა” ასე ჰქვია სამი სტუდენტის მიერ შექმნილ ფელამუშს. როგორც ”ფორტუნას” სტარტაპის ერთ-ერთმა ავტორმა ალეკო ზარნაძემ განუცხადა, ეს არის სხვადასხვა ხილის ჩირითა და კაკლით დამზადებული ფელამუში.

”ამ ეტაპზე გვაქვს 4 სახეობის ფელამუში, რომელიც სარეალიზაციო ქსელში უკვე გაეშვა, ესენია: ფელამუში გარგარის, ფელამუში ქლიავის ჩირით, ასევე ფელამუში კაკლითა და თხილით. უახლოეს პერიოდში კი ვგეგმავთ, პროდუქცია კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ და ჩვენს ფელამუშს ცოცხალი ხილი დავამატოთ”, – აღნიშნა ზარნაძემ.

რაც შეეხება პროდუქციის გასაყიდ ფორმას, როგორც სტარტაპის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, ის მინის ქილებში იწარმოება. ქილაში დაახლოებით 160 გრამი ფელამუში თავსდება. ქილას მოყვება თავისი კოვზიც, რომ მომხმარებელმა მისი დაგემოვნება ქუჩაშიც კი შეძლოს.

”სარეალიზაციო არეალს რაც შეეხება, ჯერჯერობით თბილისში, ცენტრალურ უბნებში ვართ წარმოდგენილი რამდენიმე ბაზარზე და ასევე, ქუთაისში ღვინის ბარში ”საწნახელი”. ჩვენი ფელამუშის გასაყიდი ფასი კი 3-დან 4 ლარამდე მერყეობს”, – განმარტა ალეკო ზარნაძემ.

ახალი ქართული პროდუქტის მწარმოებელმა ”ფორტუნასთან” ფელამუშის სახელზეც ისაუბრა. როგორც ის ამბობს, ”გამარჯობა” ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიტყვაა, რომელიც ადამიანში ღიმილს და დადებით ემოციებს იწვევს. პროდუქციისთვის აღნიშნული სახელიც სწორედ მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად და მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად შეირჩა.

ცნობისთვის, ”გამარჯობას” ბრენდის ქვეშ ქილებში წარმოებული ფელამუში ბაზარზე დაახლოებით 3 თვეა გამოჩნდა. პროდუქტი საოჯახო მარანში სამი სტუდენტის: ბექა ქათამაძის, ირაკლი გოგილიძისა და ალეკო ზარნაძის მიერ მზადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები