პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დამსახურებულად მიენიჭა და ეს დამსახურებული მიღწევაა.
პრემიერმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობა მობილიზებულია, რათა დროულად შეასრულოს ყველა პირობა, იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი დროულად მიიღოს:
“მე მინდა, შევაფასო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს და პარტნიორებმა, მეგობრებმა, გუშინ მართლაც იყო ისტორიული დღე.
ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ. ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს დამსახურებულად. თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა საჯაროდ, რომ, რეალურად, ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, პრინციპულობის, ბრძოლისა და ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებით.
ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, რეალურად, ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და ვულოცავ ქართველ ხალხს.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენ გუშინ ასევე მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, განაცხადი, რომ როგორც კი ჩვენ შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, საქართველოს მაშინვე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ეს გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, ხელისუფლება, რათა დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ, იმისთვის, რომ დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
ასევე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო უკრაინას და მოლდოვას.
მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. ვულოცავ მათ ამ აღიარებას, მინდა, ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია, ასე რომ, ჩვენ არ გვშურს ნამდვილად მათი წახალისების, პირიქით, ვუსურვებ მათ წარმატებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.