გამოდის სახალხო დამცველი, ლომჯარია და საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნიაო, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და, ვინ უნდა მიიღოს? ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს? , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც პრემიერმა თქვა, კეზერაშვილის სახით ბიზნესის მთავარი რეკეტიორი ჩაწერეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.
„ვინმეს გახსოვთ საერთოდ, სახალხო დამცველი გამოსულიყო, და მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, საჯაროდ დაეგმო რაიმე, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება. კეზერაშვილის სახით ბიზნესის მთავარი რეკეტიორი ჩაწერეს ამ სამარცხვინო რეზოლუციაში.
შევახსენებ EPP-ის, მას შემდეგ, რაც იგი (კეზერაშვილი) წავიდა თანამდებობიდან, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა მის კომპანიას. საიდან, მეგობრებო? ჯარის ძარცვიდან, ბიზნესის რეკეტისგან და მედია თავისუფლება რომ არის ქვეყანაში, ვინმეს რამე კითხვა აქვს ევროპასა და ამერიკაში? ყველამ ყველაფერი ძალიან კრგად იცის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციას უკვე არღვევს, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.
ასე გამოეხმაურა ის 11 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ისე არ უნდა წარმოაჩინონ, „თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა“.