“ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან.” – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ოპონენტებს ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას აწარმოებენ.
მან ბრიფინგზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც არჩევნების დაკვირვების პროცესში არიან ჩართულნი და რომლებიც, მისივე თქმით, პირდაპირ აფილირებულები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ცესკო-ს მიერ რეგისტრირებულია 62 სადამკვირვებლო ორგანიზაცია, საიდანაც 15 არის ოპოზიციასთან არის აფილირებული. მისივე თქმით, 15 ორგანიზაციიდან 12 ორგანიზაცია “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის დაკავშირებული”, 3 კი “ევროპულ საქართველოსთან”:
“ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მიზანმიმართულად მივიჩნევთ, რომ საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული რადიკალური ოპოზიციის ქვეყნისათვის დამაზიანებელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ, რომლითაც მათ სურთ შეამზადონ სიტუაცია და შექმნან ფონი, ვითომ 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.” – თქვა მან.
ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება აჩვენებს, რომ ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არჩევნებს ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც აკვირდებიან, რომლებიც პირდაპირ აფილირებულები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან.
ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიზანს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისი მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების წარმოება წარმოადგენს, რათა როგორც საერთაშორისო პარტნიორებს და მოკავშირეებს, ასევე საზოგადოებას წინასწარ შეექმნას აღქმა, საარჩევნო პროცესის ვითომდა კანონდარღვევით მიმდინარეობის შესახებ.” – აღნიშნა მიქანაძემ.