LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებში სკოლის დირექტორთა პოლიტიკური დოსიეებიც აღმოჩნდა

407
BeFunky-collage (1)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა”
შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის – „ქართული
ოცნების” მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის [email protected], 2018-2019 წლების
კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა. ამასთანავე,
საჯარო ინფორმაციის მეშვეობით გადამოწმდა დოკუმენტებში არსებული გარკვეული
მონაცემები.

კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი
გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი
ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი
ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება. ამ უწყებების მეშვეობით
სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების
თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის
მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო
უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა
ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა.

სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით
არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი
პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება.

როგორც 2020 წელს შედგენილი დოკუმენტებიდან იკვეთება, სავარაუდოდ მმართველი
პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების
თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის
გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. უფრო კონკრეტულად,
დოკუმენტებში მოცემული იყო საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო
რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის
თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მმართველი პარტია საჯარო სკოლების თანამშრომლებს საარჩევნო
კამპანიისთვის აქტიურად იყენებს ხოლმე, შესაბამისად, პოლიტიკურად ლოიალური
სკოლის დირექტორების შერჩევის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო.

მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში, რომელიც სავარაუდოდ 2020 წელს არის
შედგენილი, საჯარო სკოლების დირექტორების დახასიათებები არის მოცემული.

დოკუმენტის მიხედვით, დირექტორების შეფასებას განათლების ადგილობრივი რესურს-
ცენტრი, პარტია „ქართული ოცნება“ და სუსი აკეთებდნენ. დირექტორების შეფასებები

დაყოფილი იყო თვეების მიხედვით, რომელ თვეებშიც მათი ექვსწლიანი
უფლებამოსილების ვადა იწურებოდა. თითოეული დირექტორის შეფასებისთვის
სავარაუდოდ გამოყენებული იყო მსგავსი ფორმა. დირექტორები სხვადასხვა
კრიტერიუმებით ფასდებოდნენ.

112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო
შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან მხოლოდ 29
გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას –
80 დირექტორი, ხოლო სუს-ს – 89. ამ მონაცემებიდან აშკარად ჩანს, რომ სუს-ის და
მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი
მნიშვნელობა ჰქონდა, რაც უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა.
112 დირექტორიდან 17-ის შესახებ დოკუმენტში შეფასება არ მოიპოვება. შესაძლოა მათ
შესახებ მსგავსი შეფასებები სხვა დოკუმენტის სახით არსებობდეს.
დოკუმენტის მიხედვით, სუსი თანამდებობიდან გათავისუფლების რეკომენდაციას იმ
შემთხვევაში იძლეოდა, თუ დირექტორი:

● პოლიტიკურად ნეიტრალური იყო;

● არ ასრულებდა/თავს არიდებდა მმართველი პარტიის მიერ მიცემულ
დირექტივებს;

● დაკავშირებული იყო ოპოზიციურ პარტიასთან;

● „ფარულად თანაუგრძნობდა“ ოპოზიციურ პარტიას;

● „პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო” პირი იყო;

● მის მიერ მართული პედაგოგიური კოლექტივი არჩევნებში არ მონაწილეობდა;

● მას არ გააჩნდა „საარჩევნო რესურსი“ და სხვა.

მოცემული შეფასებებიდან იკვეთება, რომ სუსი იკვლევდა საჯარო სკოლის
დირექტორების, მათი ოჯახის წევრების პარტიულ საქმიანობას, კონკრეტული პარტიის
სასარგებლოდ აგიტაციაში მონაწილეობის შემთხვევებს და სწორედ აღნიშნული
ინფორმაციის საფუძველზე აფასებდა დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის
მიზანშეწონილობას. ძირითადად, საჯარო სკოლის დირექტორების, მათი ოჯახის
წევრებისა თუ ახლო ნათესავების ოპოზიციურ პარტიაში საქმიანობა, მათ მიმართ
პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოხატული დამოკიდებულება იყო უარყოფითი შეფასების
საფუძველი, ანალოგიური მიდგომა იყო დირექტორის ნეიტრალური პოზიციის და მისი
მხრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე გამოხატული უარის შემთხვევაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები