LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური: შოვში, სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად დაზიანებული იყო, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო

150
ვახტანგ გომელაური

„სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას, შს მინისტრმა აღნიშნა,  სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება მოვისმინეთ.

„მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდან საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში ვაწვდიდით გადამოწმებულ ინფორმაციას, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, შევეცდები კიდევ ერთხელ, ამომწურავად გავცე პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებისგან მივიღე.

სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე მოვისმინეთ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ობიექტური რეალობა, ამიტომ ყოველთვის მზად ვართ, ფაქტებზე დაყრდნობით, სიღრმისეულად მივუდგეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ.

მოგეხსენებათ, რომ 3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით შეადგენდა დაახლოებით 5- მილიონ კუბურ მეტრს, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ, მოჰყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ კი, მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

გომელაური შოვის სტიქიაზე: „ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა - შეუძლებელი“

„ისმოდა სპეკულაციები, რომ ვერტმფრენით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ამ ადამიანების გადარჩენა“ - თქვა შს მინისტრმა.

„ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით, მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა გარდაცვლილების პოვნა შეგვძლებოდა.

დღეის მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 1 პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი.

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები“. – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრმა ტრაგედიაზე საუბრის დასაწყისში სტიქიისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა:

„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

სტიქიასთან ბრძოლის დროს, ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი უწყებების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები: პოლიციის მაიორი, მირიან ჭელიძე და თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის თანამშრომელი, თემურ ხარჩილავა. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებს და კოლეგებს. მადლობა მათ ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის, მათი დაკარგვა დიდი ტკივილია ჩვენი დიდი ოჯახისთვის.

სამწუხაროდ, სტიქიური უბედურებები თავს დაატყდა საქართველოს სხვა რეგიონებსაც და გურიაში კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებსაც“. – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები