“მოქალაქეების” ლიდერი ეხმიანება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შესახებ და ამბობს, რომ გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და მთელი მსოფლიო სახტად დატოვა.
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” საქციელი ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს:
“ფერი ფერს და მადლო ღმერთსო”, ასეა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ზუსტად ერთნაირები არიან შინაარსით, ფერები აქვთ სხვადასხვა. თავისი პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერც “ნაციონალური მოძრაობა” და ვერც “ქართული ოცნება” ვერ იხედება.
“ნაციონალური მოძრაობა“ იქცეოდა უპასუხისმგებლოდ მთელი ამ თვეების განმავლობაში და არ აწერდა ხელს, ეს იყო გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა და გვეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ, მაგრამ გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, თავი მოჭრა საქართველოს.
რაც გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა, არის სილა გაწნული ევროკავშირისთვის და შარლ მიშელისთვის, იმ უზარმაზარი ძალისხმევისთვის. ძალიან მკაცრი განცხადებები აქვთ, თუმცა, ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება შარლ მიშელს და ევროკავშირს. გული მისკდება, რას იტყვიან ისინი. ეს კარგს რომ არაფერს მოუტანს ქვეყანას, როგორც მოიქცა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ცხადია.” – თქვა ალეკო ელისაშვილმა.