LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ჩანტლაძე იტალიელი მეუღლის ნახვას ვერ ახერხებს – „საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა…“

2404
ia-chntladze

მომღერალი ია ჩანტალაძე ბოლო პერიოდში მუსიკალური კარიერისთვის ნაკლებად იცლის და ბიზნესშია ჩართული. ის დეველოპერი გახლავთ. იას პირად ცხოვრებაშიც სიახლე აქვს. ორი წელია, რაც დაქორწინდა. მისი მეუღლე იტალიელი შეფმზარეული, ჯანკარლო მერკადანტეა.

ახლა წყვილის ცხოვრებაში არცთუ მარტივი პერიოდი დგას, ერთმანეთის ნახვას ვერ ახერხებენ. იას მეუღლე საქართველოდან გაემგზავრა და რომიდან უკან მარტში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ავიარეისი გაუქმდა და ახლა ოჯახის წევრებთან ერთად ისიც კარანტინშია, სხვა იტალიელების მსგავსად…

იამ ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო და დააწერა: „დისტანციას მნიშვნელობა არ აქვს“, თუმცა ერთი სული აქვს, როდის დასრულდება ეს პერიოდი და მეორე ნახევრის ნახვას შეძლებს.

ია ჩანტლაძე:

მე და ჯანკარლო ორი წლის წინ დავქორწინდით, საქართველოში. ხელი მოვაწერეთ იუსტიციის სახლში. გვქონდა ოჯახური ვახშამი და მეტი არაფერი.  ჩემი ქორწილი ვერ წარმომედგინა ტრადიციულად, სხვანაირად მინდოდა. სანამ ვიფიქრეთ, დრო გავიდა. მე ჩემებურად წარმომიდგენია ჩემი სასურველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დღეები.

მაინც როგორ?

ღია ცის ქვეშ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ცოცხალი მუსიკაც და დიჯეიც, მენიუს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ვფიქრობ, უნდა იყოს კანაპეები, მრავალფეროვანი სასმელი, მოძრაობა მომწონს და არა დამჯდარი ქორწილები. ჩემ ირგვლივ ვისურვებდი  ძირითადად ჩემი მეგობრებს, ვისთვისაც ეს იქნება გართობის დღე. ეს უნდა იყოს დღესასწაული, პირველ რიგში, წყვილისთვის. ქორწილის გადახდა აქაც გვინდოდა და იტალიაშიც. ახლა ჩავიფიქრეთ, რომ როცა შვილები გვეყოლება, ქორწილს მათთან ერთად გადავიხდით.

შენ და ჯანკარლო ორ ქვეყანაში ცხოვრობდით, იტალიასა და საქართველოში, თუმცა ახლა ცალ–ცალკე აღმოჩნდით.

ასე გამოვიდა. სულ მისვლა–მოსვლასა და მოძრაობაში ვიყავით, მაგრამ ახლა დისტანცია იძულებითია. ჩემი მეუღლე ჩარჩა იტალიაში და რომიდან ვეღარ ჩამოვიდა, ბილეთი გაუუქმდა. საქართველოში გახლდათ, გაემგზავრა და მარტში უკვე ვეღარ დაბრუნდა.

ჯერჯერობით ასე ვართ, ცალ–ცალკე, გაურკვეველი პერსპექტივით. კონკრეტული გეგმა არ ჩანს, მსოფლიოში რა იქნება. თავისთავად ხშირად გვაქვს ონლაინკონტაქტი, მესიჯებით, ვიდეო–აუდიო სახით. ცხადია, ასეთი გაურკვევლობა სანერვიულოა, მით უმეტეს, როცა არ იცი, მომავალში რა იქნება. თანაც, იტალია ერთ–ერთი ყველაზე გაჭირვებული ქვეყანაა, ვირუსიდან გამომდინარე. ვამხნევებთ ერთმანეთს და ვართ. თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ჩვენი ბრალი არ არის. ძალიან ბევრჯერ ვფიქრობდი, ნეტავ, აქ ჩარჩენილიყო… ვერც ვერავინ მოსთხოვდა, ჩამოდიო. შეფმზარეულია და საქმეზე წავიდა. ყველაფერი გაჩერებულია. კარანტინია და სხედან შინ. მთელი ოჯახი ზის სახლში.

 

ხშირად ამბობენ, რომ იტალიელებს ვგავართ ხასიათით. შენი დაკვირვებიდან გამომდინარე, ასეა?

მართლაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ჩვენ სამხრეთული ტემპერამენტის ხალხი ვართ. პირადად ჩემი დამოკიდებულება ასეთი, მომწონს გარკვეულ საკითხებში კოლექტიურობა, ოჯახური, მეგობრული ურთიერთობები, სიახლოვე. ის, რაც ჩემთვის მოსაწონია, ამ ხალხშიც დავინახე და არ მქონია ინტეგრაციის პრობლემა. ესეც ერთ–ერთი განმაპირობებელი მიზეზი გახდა, რომ გადავდგი ნაბიჯი და ჩემი ცხოვრება უცხოელს დავუკავშირე.

რასაკვირველია, არის კულტურული განსხვავებები, წვრილმანები, რომლებიც არ გესმის და უნდა მიიღო ისე, როგორც არის. როდესაც ბევრს მოგზაურობ, გარკვეული საუნივერსიტეტო გამოცდილებაც  გქონია არაერთ ეთნოსთან ურთიერთობის, ხვდები, რომ ყველა შენნაირი არაა და შეიძლება, განსხვავებულად უყურებდეს საკითხებს,

კორონავირუსმა შენი დღის რუტინა როგორ შეცვალა?

თავიდან, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, კონკრეტული გეგმა არ შემიმუშავებია. მიყვარს შინ ყოფნა. არ მბეზრდება, თან, რამდენიმე წლის წინ ახალ სახლში გადავედი. ადამიანები ოცნებობენ, დრო ჰქოდეთ,  რომ მუსიკას უსმინონ, წიგნი წაიკითხონ და ტახტზე წამოწვნენ. უამრავი ფილმი ვნახე, წიგნები წავიკითხე, ონლაინკურსები გავიარე. დაკავებული ვიყავი. ბევრი თავისუფალი დროც არ დავიტოვე. ჩემი საქმეებიც ონლაინრეჟიმზე გადავიდა, პროექტები გაგრძელდა, უბრალოდ, სხვა რეჟიმში.

ახლა უკვე მივხვდი, რომ ამას ბოლო არ უჩანს და ცოტა დავიძაბე. გენატრება შენი მეგობრები, გაზაფხული ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი სეზონია, ყოველ წელს ველოდები, სულ მინდა, ტყეში გავვარდე, მიყვარს ბუნების გამოცოცხლება, ვერ ვიტან ზამთარს და ჩემი გამოცოცხლებაც სულ იწყება გაზაფხულზე, ეს განწყობასაც ძალიან ეტყობა, საქმიანობასაც და ყველაფერს. ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა.

როცა მივხვდი, რომ მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე, რომ კარანტინი შეიძლება, არ დასრულდეს 20 დღეში და ვერ გავიჯეჯილებთ, დავწერე ორთვიანი გეგმა. სიას რომ ჩამოვუყევი, ძალიან ბევრი საქმეა. იცი, როგორ მივუდექი? გარდა იმისა, რომ დრო უნდა გავიყვანო და საკუთარი თავისთვის თუ კომპანიისთვის სასარგებლო რამ ვაკეთო, ვფიქრობ, პოსტკორონას ერას როგორ შევხვდე მომზადებული. სადღაც მშენებლობა მიდის, კიდევ სხვა საქმეებია, დეტალებს აღარ ვიტყვი, გეგმებს ვაწყობ. როცა ეს ყოველივე ოდესმე დასრულდება და სხვა რეჟიმში გადავალთ, სამყარო რაღაცნაირად შეიცვლება და მინდა, სისტემაში მოვექცე მეც. ახლა არ არის გარეთ გასვლის და დროის ფლანგვის ცდუნებები, შეგიძლია, ის, რაც აქამდე ვერ გააკეთე, ახლა განახორციელო. ეს მეხმარება ამ მძიმე პერიოდის გადასატანად. არ ვიცი, ზუსტად გავყვები თუ არა ამ გეგმას, მაგრამ ვიცი, რა შეიძლება კარგი გამოვიტანოამ პერიოდიდან.

პირადში კი ერთადერთი მაფიქრებს, რომ მალე სასიკეთო ცვლილებები მოხდეს, რომ მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთი ვნახოთ და დისტანცია დავარღვიოთ…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g