LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება – ჩხენკელი

140
მიხეილ ჩხენკელი

„იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება“, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღები, 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებს. რაც შეეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, როგორც მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, 4 ოქტომბრამდე ეს დაწესებულებები დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებენ.

„რაც შეეხება სკოლებს, მინდა დავაკონკრეტო, 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს 4 ოქტომბრამდე იქნება.

მინდა დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბერს და როგორი კრიტერიუმით ვისარგებლებთ. გადავწყვიტეთ, რომ დიფერენცირებული მიდგომა გვექნება. ეს გულისხმობს შემდეგს

იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, იქ სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და შესაბამისად, აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება, კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

როგორც იცით, ამჟამად, საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის, „დელტა“  შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს.

ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია ბავშვი კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება.

„ჩვენ მშობლებს ამის საშუალებასაც მივცემთ, რომ ბავშვებმა სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში გააგრძელონ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება – ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იფუნქციონირებს