“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტიული სიის მე-7 ნომერი, ფრიდონ ინჯია თუ პარლამენტში შევა, ის პარტიას დატოვებს.
„ჩვენზე ადრე განცხადებები სხვა პარტიების წარმომადგენლებმა შეიტანეს. განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, მე, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ 21 დეკემბერს შევიტანეთ. ძალიან უცნაურია და ამავდროულად არის უკანონობაც, გამოყო მაინც და მაინც 3 დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი და ცალკე გაიტანო კომიტეტის სხდომაზე და შემდგომ, პლენარულ სხდომაზე. ყველა ასეთი განცხადებები ერთად უნდა განეხილათ.
ჩვენი სიის შემადგენლობის ბიზნესნაწილი, არცერთი არ არის პარტიის წევრი. ბატონი ფრიდონ ინჯიაა ერთადერთი პარტიის წევრი, რომელსაც არჩევანის გაკეთება მოუწევს – თუ შევა ამ პარლამენტში ბატონი ფრიდონი, პარტიის დატოვება მოუწევს. თუ არ შევა პარლამენტში, ჩვენს პარტიაში დარჩება“, – განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სია გააუქმა, თუმცა როგორც ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული, განკარგულებით ირკვევა, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის ჯერ არ მიუმართავს. კერძოდ, გაუქმებულ სიაში არ არიან სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრები. საუბარია ფრიდონ ინჯიაზე, გელა მიქაძესა და დავით ზილფიმიანზე.