ინგლისური ენის გამოცდაზე, მოსასმენ ტესტში აბიტურიენტების ნაწილს ხმა არ ესმოდა და ტესტის დაწერა ვერ შეძლო. უკმაყოფილებას გლდანის 177-ე და მუხიანის 175-ე საჯარო სკოლების საგამოცდო ცენტრების აბიტურიენტები გამოთქვამენ. მათი თქმით, მოსასმენი აპარატურა გაუმართავი იყო და ხმა ცუდად ისმოდა.

„თავიდან ძალიან ცუდად გვესმოდა ხმა, დაბალზე იყო და თან შხრიალებდა, ბოლოსკენ პრეტენზია გამოვთქვით და დამკვირვებლებმა ხმას აუწიეს, მაგრამ მაინც არ ისმოდა კარგად ამიტომ ნორმალურად დაწერა ვერ შევძელი ვერც მე და ვერც სხვებმა, ვინც ჩემთან ერთად იყვნენ გამოცდაზე,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ ერთ-ერთი აბიტურიენტი.

ინგლისური ენის გამოცდაზე აპარატურის გაუმართაობაზე საუბრობს ინგლისური ენის პედაგოგიც. მისი თქმით, თითოეულ აბიტურიენტს ცალკე მოსასმენი აპარატურა უნდა ჰქონდეს და ყურსასმენების მეშვეობით ისმენდეს.

„მოსასმენი ნაწილი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ძალიან კარგად თუ არ ისმის ხმა, უცხო ენაა და გაგება უჭირთ ბავშვებს. ჩემი აზრით, ყურსასმენებით უნდა ისმენდნენ მოსასმენ ნაწილს აბიტურიენტები,“ – ამბობს პედაგოგი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინგლისური ენის გამოცდასთან დაკავშირებით პრეტენზია არ შესულა. როგორც ცენტრში აღნიშნავენ, თუ აბიტურიენტები უკმაყოფილოები არიან და პრეტენზიები აქვთ, შეუძლიათ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის სახელზე განცხადება დაწერონ.

„ჩვენთან პრეტენზიები არ შემოსულა, მაგრამ თუ პრეტენზია არსებობს, აბიტურიენტებს შეუძლიათ დღესვე მოგვმართონ განცხადებით და ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ ყველაფერს,“ – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მსგავსი თემები