საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის მკვლელობის მცდელობა და ოჯახის უნდობლობა გამოძიებას – ცოტნე გამსახურდიას ცოლი ანა ჯაბაური ამბობს, რომ არსებულ ვერსიას არ ეთანხმება, რადგან მისი თქმით, გამსახურდიას 4-5 ადამიანი დაესხა თავს.
“კატეგორიულად გამოვრიცხავ და არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას. ძალიან კარგად ვიცი ცოტნე გამსახურდიას ფიზიკური მომზადება, ის იყო ძალიან ჯანმრთელი, ძლიერი, ფიზიკურად დიდი იყო. ბევრ სიტუაციაშიც მინახავს და ის ბრძოლის ველიც ვნახე, რომელიც ჩვენს ჭიშკართან იყო. იქ ბევრ ადგილზე იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები საიდანღაც მოტანილი. მეზობლებმაც დაინახეს, რომ 4-5 კაცი გარბოდა”, — აცხადებს გამსახურდიას ცოლი.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს
ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის ფაქტი გახსნილია
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი დაკავებულია ოთხი პირი.
გამოძიების ინფორმაციით, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 19 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ცოტნე გამსახურდიას ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. როგორც უწყებაში ამბობენ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ოთხი პირი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ინციდენტის შემდეგ ცოტნე გამსახურდიას გულმკერდის არესა და თავის ტვინზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.