LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქნება სხვა პანდემიებიც, რომელთან გამკლავება გაგვიჭირდება“: რა ელოდება დედამიწას კორონავირუსის შემდეგ

6910
f2acbb0387c58da2f8eefedd3a473fbb

როგორ მოქმედებს კორონავირუსი გარემოზე? ერთი შეხედვით დადებითად. ქუჩები ავტმანქანებისგან დაცარიელებულია, ქარხნების უმეტესობა გაჩერებულია. თუმცა გლობალურ დათბობაზე კორონავირუსის გამო გატარებულ ღონისძიებებს არანაირი ცვლილება არ მოუხდენია.

ყველა კვლევის მიხედვით დედამიწაზე ჰაერი გაცილებით სუფთა გახდა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში ყველაზე სუფთა ჰაერი თბილისში დაფიქსირდა.

CNN-ის ინფორმაციით, ევროპაში ყველაზე სუფთა ჰაერი თბილისშია

მსოფლიო კარანტინმა დედამიწაზე ჰაერის სისუფთავე უზრუნველყო.

თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

კარანტინის დამთავრების შემდეგ ჰაერის დაბინძურება ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

რა ელის ამ შემთხვევაში დედამიწას? 

„ფორტუნა“ „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს ესაუბრა.

„კორონავირუსის შედეგად ჩინეთში გაჩერებული ქარხნების გამო ატმოსფერო ფაქტობრივად გაიწმინდა. ასეთივე სიტუაციაა ბევრ ქვეყანაში, სადაც კარანტინის სისტემაა შემოღებული და სადაც მეტ-ნაკლებად შეჩერებულია ადამიანის მუშაობა. ძალიან ბევრი ქვეყანა ელექტროენერგიას ნაკლებად მოიხმარს. გერმანიაში ელექტროენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდა. მსგავსი სიტუაციაა ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანაში.

ჩვენთან ელექტროენერგიის მოხმარების ძალიან დიდი შემცირება არ აღინიშნება, რადგან ძირითადი მომხმარებლები მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ატმოსფერული ჰაერს რაც შეეხება, მანქანების შემცირებამ პირველ ეტაპზე ასახვა ჰპოვა ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეზე, მაგრამ ყველა ექსპერტი პროგნოზირებს, რომ როგორც კი კარანტინის მოხსნის შემდეგ ძალიან ბევრი საწარმო დაკარგულის ანაზღაურებას შეეცდება და უფრო მეტად დაბინძურდება ჰაერი. ანუ ეკონომიკის ძველ ნიშნულზე დაბრუნების ხარჯზე შესაძლოა, ჰაერი უფრო დაბინძურდეს. გარემოს დამცველები მსოფლიოში ამუშავებენ პლატფორმებს თუ როგორი უნდა იყოს „პოსტკოვი ეკონომიკა“.

გარემოს დამცველები ამტკიცებენ, რომ „პოსტკოვი ეკონომიკა“ უნდა იყოს განსხვავებული, ანუ უნდა იყოს აგებული სამართლიანობაზე, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობილი და არამც და არამც ისეთი ლიბერტანისტური, როგორიც აქამდე იყო. ვთვლით, რომ ამ ეკონომიკამ ჩვენ ჩიხში არ უნდა შეგვიყვანოს.

კორონავირუსმა დაგვანახა, რომ საქართველო ფაქტობრივად შემოტანილ პროდუქციაზე ვცხოვრობთ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს უნდა გამოსწორდეს, პირველ რიგში საკუთარი უსაფრთხოების გამო. ფაქტია, რომ მარტო ტურიზმი არ უშველის ქვეყნის ეკონომიკას. მას სჭირდება წყალი, სჭირდება, სუფთა ჰაერი და სჭირდება საკუთარი პროდუქტის წარმოება“, – აცხადებს ჩხობაძე.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, დედამიწის მაცხოვრებლებმა აქამდე დაშვებულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, თორემ შედეგები უფრო რთული იქნება.

„ფაქტობრივად გამოდის, რომ დედამიწა გვსჯის იმის გამო, რომ ცუდად ვექცეოდით. გამოდის, რომ ქვეყნებმა არაფერი გააკეთა კლიმატური ცვლილების შესაჩერებლად. ამ პროცესს პირდაპირ უკავშირებენ პანდემიას. არაერთი პანდემია იქნება კლიმატური ცვლილების შედეგად. საწარმოს მფლობელები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ პროდუქციის წარმოების შედეგად ნაკლები ნარჩენები ჰქონდეთ და ნაკლები ელექტროენერგია დახარჯონ. ეს პირობები, ყველასთვის ცნობილი იყო, მაგრამ არავინ ასრულებდა“.

„დედამიწაზე გლობალური დათბობის თემა არ მოხსნილა. პანდემიები კვლავ გავრცელდება და ეს არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ანტარქტიდაზე ყინული დადნება და ყინულის ქვეშ დაბუდებული ვირუსები გაიღვიძებს (ეს ყველაზე ნაკლები საფრთხეა, რაც გველოდება).

გლობალური დათბობის გამო ბევრი რამ შეიცვლება დედამიწაზე. ბევრი რამ განიცდის მუტაციას, მათ შორის კორონავირუსიც. ძალიან ბევრი მეცნიერი მუშაობს ამაზე.

კორონავირუსმა დაგვანახა, რომ ძალიან მცირე თანხებია ჩადებული მეცნიერებაში. ამაში ყველა ქვეყანა დარწმუნდა. სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც დედამიწაზე არსებობდა, სამწუხაროდ აღმოჩნდა ძალიან მცირე, იმიტომ რომ არ ჰქონდათ ფული. ახლა ძალიან ბერი ქვეყანა დებს ფულს, რომ თუნდაც ერთ პანდემიას რამენაირად მოვერიოთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ შესაძლოა იყოს სხვა პანდემიებიც, რომლის გამკლავებაც გაგვიჭირდება“, – განგვიცხადა ნინო ჩხობაძემ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ ...

როგორ აისახება დედამიწაზე კარანტინის დამთავრება?

თანამგზავრიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ დაეცა ჰაერის დიოქსიითა და აზოტით დაბინძურების დონე. ეს მართლაც ძალიან კარგი სიახლეა.

„არ ვფიქრობ, რომ ახლავე შესაძლებელია, ვივარაუდოთ რა შედეგებს მივიღებთ მომავალში, მაგრამ ჰაერის დაბინძურების კლება მოკლევადიანი პერსპექტივით საკმაოდ სასარგებლოა. დაბინძურებული ჰაერი ადამიანებზე, რომლებსაც გულისა და ფილტვების პრობლემები აქვთ, ცუდად მოქმედებს, ამიტომ ეს სიახლე მხოლოდ კარგი შეიძლება იყოს, მაშინ როცა ვირუსი ბობოქრობს“, – აცხადებს კოპერნიკის ატმოსფერული მონიტორინგის დირექტორი ვინსენტ-ანრი პიოხი.

არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსი გადაეცემა მტვრის ნაწილაკებითაც, მსოფლიო მეცნიერები ამასთან დაკავშირებით ჯერ არ შეთანხმებულან, მაგრამ რიგი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ძალიანაც შესაძლებელია.

„როდესაც დაბინძურებულ ჰაერში ხვდება ვირუსი, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ის გარკვეულწილად ავტომაგისტრალზე ხვდებიან, რომელიც ეპიდემიას აჩქარებს“, – აცხადებს ალესანდრო მიანი, იტალიის კლიმატისა და მედიცინის საზოგადოების ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაცილებით სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჰაერში ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფა რეკორდულად მაღალია. მათივე მტკიცებით, დედამიწის დაბინძურების შემცირება თუნდაც ერთი წელი რომ გაგრძელდეს, ის დიდად ვერ იმოქმედებს დედამიწაზე ნახშირორჟანგის დონის შეცვლაზე.

„როდესაც პანდემია უკან დარჩება, ყველამ უნდა გავიაზროთ ის გაკვეთილები, რაც კორონავირუსმა გვასწავლა. ყველა უნდა დავფიქრდეთ, იმაზე, რომ დედამიწას გავუფრთხილდეთ და არ დავაბინძუროთ. კლიმატის ცვლილება კვლავ გაგრძელდება. ამ კრიზისს სამწუხაროდ არაფერი შეუცვლია“, – აცხადებს ვინსენტ-ანრი პიოხი.

შეგახსენებთ, 22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g