LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს

135
ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს.

როგორც კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტმა თავისი მიზანი სხვადასხვა მიმართულებით უკვე შეასრულა“.

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველი – ადრე არ იყო აღიარებული და ახლა ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილო რამეა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი დასკვნა, რაც ამ ყველაფრიდან საზოგადოებამ გამოიტანა. მგონია, რომ ეს დასკვნა აღარ გადაიხედება. გარკვეული ადამიანები ცდილობდნენ, რომ ვიღაცის აგენტობა წარმოეჩინათ უარყოფით მოვლენად, ვიღაცის აგენტობა – დადებითად. დღეს უკვე ყველას აქვს აღიარებული, რომ აგენტობა არის სათაკილო სტატუსი, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. უნდა იყო მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის აგენტი, მხოლოდ მისი გავლენის აგენტი შეიძლება, იყო.

მეორე – ჩვენ მოგვეცა ფართო დისკუსიის გახსნის საშუალება, რაც უკავშირდება არასათანადო საქმიანობით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გარე წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას. ეს არის ცნობილი ექსტრემისტული ორგანიზაციები, როგორიცაა „სირცხვილია“, „დროა“, სხვა ორგანიზაციები. ამაზე დისკუსია მომავალშიც უნდა გაფართოვდეს და ამის დაწყების საშუალება მოგვცა ჩვენ კანონპროექტმა.

„ნამახვანის“ ცნობილი შემთხვევა გახსოვთ. ეს იყო აქცია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. აქაც გამოვიდა საზოგადოების სამსჯავროზე ის ინფორმაცია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული იყვნენ შესაბამის აქტივობებში, გარედან ფინანსდებოდნენ. ასევე, ეკლესიის წინააღმდეგ პროპაგანდა არის მნიშვნელოვანი საკითხი. აქაც დაფინანსება კონკრეტული წყაროებიდან შემოდის და ამაზეც გაიხსნა დისკუსია. მთავრობის გადადგომის მოთხოვნა „ენჯეოების“ ჩართულობით არის შეუთავსებელი „ენჯეოს“ ფუნქციასთან, თუმცა აქაც იყო დაფინანსება. ვინ გააყალბა „პივიტი“? რომელი ორგანიზაციები აცხადებდნენ გაუყალბებელ არჩევნებს გაყალბებულად და საიდან მოდიოდა მათი დაფინანსება? როცა ასეთი საკითხები წინ წამოიწევს, მგონია, რომ ამ ყველაფერს პრევენციული ეფექტი ექნება. წესითა და რიგით, მომავალში შესაბამისი დონორები თავს შეიკავებენ ასეთი ორგანიზაციების დაფინანსებისგან, პივიტის გაყალბების დაფინანსებისგან, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებისგან და ა.შ. შესაბამისად, კანონპროექტმა სერიოზული შედეგი მოიტანა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ბაკურიანის შეკრებაზე, სადაც ჩართული იყვნენ როგორც პოლიტიკური პარტიები და მედიასაშუალებები, ასევე მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. სწორედ ენჯეოების ხელით იგეგმებოდა რევოლუციური სცენარის განხორციელება, რომელსაც ძალაუფლებაში უნდა დაებრუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“. კანონპროექტმა ასეთი სცენარის პრევენციაში დიდი წვლილი შეიტანა. „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს“, – აცხადებს კობახიძე.

პოპულალურები