არ გვინდა, ჩვენ ისეთი ნოემბერ-დეკემბერი გავიარეთ, მოჩქარეს მოუგვიანდესო. ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კითხვას, რომელიც კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევის შესაძლებლობას ეხებოდა.
“თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი-აპრილი, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ ძალიან კარგი იმედით. და მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში კომენდანტის საათის გარკვეულ ცვლილებებზეც შესაძლოა იზრუნოს ქვეყანამ და განიხილოს”. – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამასთან, აღნიშნავს, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი დრამატულად დაცემულია.
“დრამატულად არის დაცემული პირბადის ტარების მაჩვენებელი. 43-ზე გითხარით და კიდევ დღესაც ახალი პროგნოზირება გაკეთდა. 43%-ზეა. 50%-ს ქვემოთ პანდემიის პერიოდში ითვლება ძალიან საგანგაშოდ”. – თქვა გამყრელიძემ.