LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონსონი გადადგა, რუსეთი ხარობს – რა მოხდა რეალურად და რა შეიცვლება უკრაინასთან მიმართებაში

1750
ბორისი მტავარი 3

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ღიად და მწვავედ დაუპირისპირდა რუსეთს, რომელსაც არასდროს დაუმალავს მისი დამოკიდებულება პუტინის მიმართ, რომელიც სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავებით, არასდროს საუბრობდა პუტინთან მოლაპარაკებებზე და ღიად უჭერდა მხარს უკრაინას – თანამდებობიდან გადადგა.

ბორის ჯონსონი აღარც კონსერვატიული პარტიის ლიდერი იქნება და შემოდგომიდან, აღარც პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებით, ნათელია, რომ კონსერვატიულ პარტიას სჭირდება ახალი ლიდერი. ასევე, ქვეყანას სჭირდება ახალი პრემიერ-მინისტრი.

როგორც ცნობილია, ახალი ლიდერის არჩევის პროცედურის შესახებ დამატებით ცნობილი მომავალ კვირას გახდება.

ახალი ლიდერის არჩევამდე კი ბორის ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს შეასრულებს. ცოტა ხნის წინ კი ამ ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა და ეს მოვლენა პირდაპირ რუსეთის საწინააღმდეგო გამოსვლებს დაუკავშირა. მარია ზახაროვას თქმით, ამ ამბებიდან ერთი რამ იკვეთება: „არ შეეცადოთ რუსეთის განადგურებას…შესაძლოა , კბილები გაიტეხოთ და შემდეგ ამით დაიხრჩო. ბორის ჯონსონს თავისივე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა“, – ამბობს ზახაროვა.

ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ხდება კულუარებში, რა ინფორმაცია აქვთ საერთაშორისო ექსპერტებს, რა შეიძლება ამის უკან იდგეს, იკვეთება თუ არა რუსული კვალი, თუ დაგროვდა საკითხები და ყველაფერმა ერთად იჩინა თავი, მანამდე კი მოგიყვებით, ოფიციალური ინფორმაციით, როგორ განვითარდა მოვლენები.

 

 

როგორ მივიდა საქმე ჯონსონის გადადგომამდე

 

თანამდებობაზე ყოფნის დროს ბორის ჯონსონი არაერთხელ გაეხვია სკანდალში. ის პოლიციამაც კი დააჯარიმა კორონავირუსის რეგულაციების დარღვევისა და პანდემიის დროს წვეულებების გამართვის გამო, რასაც წინ უძღოდა მისი მთავრობის კრიტიკა.

თუმცა ბოლო პერიოდის განხეთქილება და პრობლემები მაინც ყველაზე მასშტაბურია.

განხეთქილება ჯონსონსა და მისი მთავრობისა და პარტიის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა კრის პინჩერი პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღვანელად დააწინაურა ისე, რომ არ გაითვალისწინა პინჩერის წინააღმდეგ არსებული სექსუალური შევიწროების ბრალდებები.

მოწინააღმდეგეების თანახმად, ჯონსონმა შევიწროებაში ბრალდებულის შესახებ იხუმრა კიდეც, „პინჩერი (ინგლისურად მჩქმეტავი Pincher) გვარად, პინჩერია ბუნებითაც“.

ბორის ჯონსონის კაბინეტის ოთხი მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს

მიზეზად ბორის ჯონსონის მიმართ - საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაჩენილი შეკითხვები სახელდება

ჯონსონის მოწინააღმდეგეების თანახმად, ამ ბრალდებების შესახებ მან წინასწარვე იცოდა, თუმცა არაფერი იღონა. შედეგად, 50-ზე მეტმა მაღალი თანამდებობის პირმა თანამდებობა დატოვა, რომელთა განცხადებითაც, არ სურთ ჯონსონისთვის ხელის დაფარება.

საბოლოოდ, ჯონსონმა მოიბოდიშა პინჩერის დანიშვნისთვის და აღიარა, რომ ბრალდებები მისთვის ცნობილი იყო.

საქმე ეხება კრის პინჩერის მიერ ბრიტანელი პოლიტიკოსის, ალექს სთორის შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტს 2001 წელს, რა დროსაც, სთორის თანახმად, პინჩერმა საკუთარ სახლში მიიწვია, მასაჟის გაკეთება სცადა და ეუბნებოდა, რომ მასთან კავშირი პარტიაში სთორის წინსვლას შეუწყობდა ხელს.

2022 წლის ივლისში ცნობილი გახდა კიდევ ექვსი ბრალდების შესახებ, რა დროსაც პინჩერმა პარლამენტის წევრი სხვა კაცი დეპუტატებიც შეავიწროვა.

ლეიბორისტული პარტიის წევრების განცხადებით, კონსერვატორების გემი იძირება და იქიდან ვირთხები გაქცევას ცდილობენ.

თუმცა, ეს ყველაფერი გააქტიურდა და პროცესი დაიძრა ახლა, როცა ბორის ჯონსონი უკრაინის მთავარი გულშემატკივარი და რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგეა. ის არის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დაუფარავად და ღიად ითხოვდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩნდა კითხვები და ამ კითხვებზე პასუხების მიღება ექსპერტებისგან შევეცადეთ. მანამდე კი უკვე გაჩნდა ვერსიები, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს ჯონსონი.

 

 

ბორის ჯონსონის სავარაუდო შემცვლელები

 

ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ახლა მთავრობას ისევ კონსერვატორთა პარტია და მათი მოკავშირეები დააკომპლექტებენ. შესაბამისად, როგორც უცხოური მედია წერს, პრემიერ-მინისტრობის შანსი რამდენიმე კანდიდატს აქვს, მათ შორის გამოკვეთილია სამი პოლიტიკოსი:

რიში სუნაკი – ბრიტანული მედიის თანახმად, ერთ-ერთი, ვისაც ყველაზე მეტი შანსი აქვს პრემიერი გახდეს, სწორედ რიში სუნაკია, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჯონსონს დაუპირისპირდა. ის მანამდე კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი ფინანსური გამოწვევების გამკლავებაში მონაწილეობდა, რაც მას ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შედარებით სასურველ კანდიდატად წარმოაჩენს, თუმცა საბინაო კრიზისის დროს გაზრდილი ფასების გამო კრიტიკის ობიექტურიცაა.

პენი მორდონტი – ამჟამად, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი. ის პარტიის წევრებს შორის პოპულარობით სარგებლობს. წარსულში აკრიტიკებდა ჯონსონს კორონავირუსის პანდემიის დროს წვეულების მოწყობის გამო.

Reuters: ვინ შეიძლება შეცვალოს ბორის ჯონსონი

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და ბრიტანეთის პრემიერის რანგში შემოდგომამდე დარჩება.

საჯიდ ჰავიდი – სუნაკთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჯონსონის წინააღმდეგ კოალიციას შეუერთდა. ითვლება ტეტჩერის მიმდევრად, თავისუფალი ბაზრის, დერეგულაციისა და მცირე მთავრობის იდეის მხარდამჭერად. მთავრობაში 2021 წელს ჯანდაცვის მინისტრად დაბრუნდა, მანამდე ეკავა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, თუმცა გადადგა, რადგან უარი განაცხადა საკუთარი მრჩევლების გათავისუფლებაზე.

ლიზ ტრასი – გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქტიურადაა ჩართული უკრაინის ომში ბრიტანეთის პოზიციების წარმოდგენაში. მხარს უჭერდა ბრექსიტს.

საინტერესო იყო ჯონსონის ერთ-ერთი გამოსვლიდან რამდენიმე წინადადება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ მუშაობს დემოკრატია და როგორ მუშაობენ, საუბრობენ დემოკრატი ლიდერები.

პოლიტიკაში არავინაა შეუცვლელი”.

“ჩვენი შესანიშნავი დარვინული სისტემა ახალ ლიდერს წარმოშობს”.

“ვნანობ, რომ დავაში წარუმატებელი ვიყავი და მტკივნეულია ამდენი იდეისა და პროექტის ვერდანახვა”.

“მინდა იცოდეთ, ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ, მაგრამ ცხოვრება ასეთია”. 

 

 

ვინ რას ხედავს ჯონსონის გადადგომის უკან – ვერსიები და პროგნოზები

 

რადიო “ფორტუნა” დაინტერესდა, რაზე მიუთითებს ჯონსონის გადადგომით გახარებული რუსეთის პოზიცია, რა ინფორმაცია არსებობს საერთაშორისო ექსპერტებში, რამდენად იკვეთება აქ რუსული კვალი და შეიძლება თუ არა, უკრაინის მიმართ ან ზოგადად, ომის მიმართ ბრიტანეთის დამოკიდებულება შეიცვალოს. ამ თემებზე საერთაშორისო ექსპერტებს გიორგი რუხაძესა და ნიკა ჩიტაძეს ვესაუბრეთ.

“გავიხსენოთ, რა მოხდა ჯონსონის გადადგომამდე. მთავრობიდან 60-მდე ადამიანი წავიდა, მათ შორის მინისტრები, მოადგილეები. ამ პროცესს კი წინ უძღოდა პრემიერის ბოდიში, რადგან მან თანამდებობაზე დანიშნა პირი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი.  თავის დროზე გვახსოვს ასევე მის მიმართ საწინააღმდეგო კამპანია კოვიდრეგულაციების დროს. საერთო ჯამში რატომღაც ცუდი უფრო ჩანს ხოლმე, ვიდრე კარგი.

სინამდვილეში ჯონსონი, ჩემი აზრით, ზელენსკის შემდეგ იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც ნობელის პრემია ყველაზე მეტად ეკუთვნის. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც რუსულ ამბავს შეეწირა, მაგრამ კონსპირაციებში არ შევალ. რუსეთი შეიძლება ცდილობდა რაღაცას, მაგრამ საერთო ჯამში არსებობს შიდა პარტიული ინტერესები.  მარგარეტ ტეტჩერსაც მოუწყვეს ინტრიგა, შესაბამისად, არაფერია გასაკვირი.

ჩემი აზრით, ყველაფერი ნელ-ნელა დაგროვდა. ფაქტობრივად, გუნდის გარეშე დარჩა. როგორც ჩანს, მას ძალიან გაუჭირდა, რადგან ორი დღის წინ თქვა, რომ პრემიერის პოსტიდან არ აპირებდა გადადგომას, თუმცა დაინახა, რომ მომხრეებმა მიატოვეს, ამიტომ ამის გამო იძულებული გახდა გადამდგარიყო. ის საერთო ჯამში, დიდ პატივისცემას იმსახურებს. ბრექსიტის პროცედურაც მან წარმატებით დაასრულა.

უკრაინასთან მიმართებით, უსაფრთხოების ნაწილში, არ მგონია განსაკუთრებული ცვლილებები იყოს. თემთა პალატაში კონსერვატორები ინარჩუნებენ უმრავლესობას, ისინი უფრო პრინციპულები არიან და პოზიციის შეცვლა ნაკლებად მოსალოდნელია”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

საერთაშორისო ექსპერტი გიორგი რუხაძე კი გვეუბნება, რომ ეს პროცესი გუშინ და დღეს არ დაწყებულა და როგორც ჩანს, გარკვეული მომენტით მასთან დაპირისპირებულმა მხარეებმა, მისმა ოპონენტებმა ისარგებლეს. მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესი აჩვენებს, რას ნიშნავს დემოკრატია და როგორ უნდა იქცეოდეს დემოკრატი ლიდერი.

“ეს არის შიდა პარტიული ამბები. აქ გასაკვირი არაფერია. ამას საერთოდ კავშირი არ აქვს საგარეო პოლიტიკოსთან, არც იმასთან ჯონსონი ცუდი პრემიერი იყო თ კარგი. ამბავი უკავშირდება მის ხასიათს, მან ტყუილი თქვა, ეს საჯარო გახდა, ბრიტანულ პოლიტიკაში ტყუილს არავის აპატიებენ, არამედ საკუთარი გუდის წევრებიც, რეალურად თუ შევხედავთ, მისი გადადგომა უკავშირდება არა საჯარო მოთხოვნებს, არა ოპოზიციის მოთხოვნას, ისინი სულ ითხოვენ ამას. არჩევნების პირველი დღიდან მეორე დღეს ოპოზიციის პარტია უკვე ითხოვს გადადგომას. ეს ჩვეულებრივი და ნორმალურია.

ახლა იყო შემთხვევა, როცა მისი გუნდიც მის წინააღმდეგ დადგა.

რატომ ახლა – მედიამ გახეთქა კონკრეტული საქმე. “სანმა” ორი კვირის წინ დაწერა სტატია, ბორის ჯონსონის პოლიტიკური პარტნიორი, დეპუტატი, რომელიც დათვრა ერთ-ერთ მიღებაზე და ორი ახალგაზრდა ბიჭი შეავიწროვა. ის კაცი გადადგა თანამდებობიდან, ბოდიში მოიხადა. ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, სხვა დანარჩენი არ მოჰყოლოდა. ჯონსონმა და მისმა მოკავშირეებმა ეს კაცი მაინც დაიცვეს და მანდატი შეუნარჩუნეს. ამის გამო შიდა დაპირისპირება მინისტრთა კაბინეტში. მეორე ნაწილი ამ ამბის ისაა, რომ ამ კაცს მსგავსი რამ 2019 წელსაც გაუკეთებია, რაც როგორც ჩანს ჯონსონმა იცოდა.

ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკური სტანდარტი რამდენად მაღალია ბრიტანეთში, ტყუილი არავის ეპატიება, ვინც არ უნდა იყოს.

უკრაინასთან მიმართებით პოლიტიკა არ შეიცვლება, ახალი არჩევნები და ახალი მთავრობა კი არ მოდის, კონსერვატორებს მოგებული აქვთ, მყარი უმრავლესობა აქვთ, აქ საუბარია იმაზე, რომ პრემიერიც, პარტიის ლიდერიც მათ პარტიიდან იქნება. ვინც არ უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი, კურსი არ შეიცვლება”, – აცხადებს გიორგი რუხაძე.

როგორც ცნობილია, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევა შემდეგ კვირაში უნდა მოხდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g