LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუანშერ ბურჭულაძე: თუ რაიმე ძვირფასი საკვებია დღეს ქვეყანაში, ამით იკვებება ჩვენი ჯარი – ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა და ეს იქნება განგრძობითი 

77
ჯუანშერ ბურჭულაძე

„ხდება დისკრედიტაცია ზუსტად იმ მიმართულებების, რაზეც ჩვენ ძალიან წარმატებით ვიმუშავეთ, როგორიცაა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმა და საცხოვრებელი პირობები,“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და უწყების მისამართით მიმდინარე დისკრედიტაციის კამპანიას გამოეხმაურა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ ჯარიდან როგორც გადინება, ისე შემოდინება არის ცოცხალი პროცესი.

თავდაცვის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის ძალებს სამხედროები მასობრივად ტოვებენ

„ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ეს პროცესი შევამციროთ. ამას ჩვენ ვუპირისპირებთ იმ პირობებს, რაც შევქმენით ჯარში. ასეთი კომფორტული პირობები, ასეთი სოციალური პირობები ჯარში აქამდე არ ყოფილა. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი და არ დაგვისრულებია ამით, რა შედეგსაც მივაღწიეთ. ეს იქნება განგრძობითი პროცესი.

ყველა ვიაზრებთ, რომ ჯარის რიცხოვნობა არის საიდუმლო ინფორმაცია, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, ეს არ არის ჩემი საიდუმლოება. როდესაც ჩვენ ამას ვებრძვით და ვერ ვიაზრებთ, რომ ჯარიდან გადინებაა და ამაზე ასე აპელირებას ვაკეთებთ, ეს შემიძლია შევადარო იმ მოვლენას, რაც მოხდა ერეკლე მეორეს დროს, ჩვენი არაკეთილმოსურნეები რომ ამბობდნენ, ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო…“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრმა უნიფორმასთან და კვებასთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ ესეც აღნიშნული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია:

„როდესაც პირველად ვიყიდეთ „ლოვა“ და ამას აშუქებდა ყველა, მივიღეთ გერმანელებისგან გამაოგნებელი წერილი, რომელიც ჩვენგან მისწერეს, არის თუ არა ეს ნამდვილი და ხომ არ მზადდება სადღაც მეორად ქარხანაშიო… ჩვენს ჯარისკაცებს არ აქვთ მხოლოდ ერთი უმაღლესი ხარისხის „ბათინკი“, არამედ აქვთ ორი წამყვანი ბრენდის „ბათინკი“, რომელიც არის ყველა სეზონზე გათვლილი და თუ მოხდა ის იშვიათი შემთხვევა და ჯარისკაცს დაუზიანდა „ბათინკი“, აქვს მეორე, ანალოგიური ხარისხის და ასევე, მესამე წყვილი, რომელიც ასევე მაღალი ხარისხის არის, სათადარიგოდ  ყველა სამხედრო მოსამსახურეს აქვს“– დასძინა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ჯარისკაცებს საუკეთესო კვების პირობები აქვთ: „ჩვენ გვაქვს კვების ხარისხის დეპარტამენტი ცალკე, რომელსაც ძალიან კვალიფიციური თანამშრომლები უძღვებიან. ამდაგვარი კვება ჩვენს ჯარში არასოდეს არ ყოფილა. თუ რაიმე ძვირფასი საკვებია დღეს ქვეყანაში, ამით იკვებება ჩვენი ჯარი. ეს არის ცოცხალი ხორცი, ეს არის ის რძის ნაწარმი, რომელიც შედის ისეთ სუპერმარკეტის ქსელებში, რომელიც არის ფუფუნების საგანი.“– აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, მინისტრმა სამხედროებისთვის 1050-მდე ბინის მშენებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამხედრო ქალაქი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„ეს იქნება ერთ-ერთი ძლიერი მოტივაცია ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ოფიცერთა შემადგენლობისთვის. ალბათ რეკორდულ პერიოდში მოვახერხეთ აღნიშნული ობიექტის ჩაბარება, 1050 ბინაა დაახლოებით, 10 000 კვადრატულზე მეტი, მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, როგორც არის ეს გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

ჩვენ დავიწყებთ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, რეკრეაციას. მაცხოვრებლები ალბათ უკვე შემდეგი თვიდან შეძლებენ, რომ დაიწყონ ბინების რემონტი. ჩვენ ის პირობა, რაც დავუდეთ სამხედრო მოსამსახურეებს, შევასრულეთ მაღალხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში.“– განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები