საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მიაწოდა, უწყების განცხადებითვე, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუნაშერ ბურჭულაძემაც.
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, შედეგად საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხვედრი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა რა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად იგი განსაზღვრავდა მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ორგანიზებას უწევდა მთავრობის საქმიანობას, ასევე ახორციელებდა მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.
ამავე პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი როგორც მინისტრი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.
2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნითა და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი, ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა.
მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.
მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ – გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა – ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურის განმარტებით, ჯამში სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
