LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუდ ლოუს 7 საუკეთესო როლი – რჩეული ფილმები

5229
FORTUNA.GE (1)

მამაკაცური სილამაზის ეტალონად ქცეული ჯუდ ლოუ, რომელიც მომავალი წლის დეკემბერში 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, არა მხოლოდ გარეგნული მონაცემებით, არამედ არტისტული ნიჭითაც აღაფრთოვანებს პუბლიკას. მსახიობი თავისუფლად ირგებს ნებისმიერ ამპლუას და ერთნაირად კარგად ასრულებს როგორც მთავარ, ისე მეორეხარისხოვან როლებს. ფილმები ჯუდ ლოუს მონაწილეობით ხშირად ამშვენებენ პრესტიჟულ კინოფორუმებს, მისი პერსონაჟები კი, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებული ინდივიდუალურობით გამოირჩევიან, მაყურებლის სიმპათიასთან ერთად საკულტოს სტატუსსაც მოიპოვებენ.

„ნიჭიერი მისტერ რიპლი“ (The Talented Mr. Ripley, 1999) – ახალგაზრდა მილიონერის დიკი გრინლიფის როლმა ნაკლებად ცნობილ ლოუს პირველი წარმატება და მსოფლიო აღიარება მოუტანა. მართალია, მთავარი როლი ფილმში მეტ დეიმონმა შეასრულა, მაგრამ სწორედ ჯუდ ლოუს ბენეფისად იქცა ენტონი მინგელას ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც რეჟისორმა ფრანგული ფილმის „კაშკაშა მზეზე“  მოტივებზე დადგა.

„დაწყევლილი გზა“ (Road to Perdition, 2002) – წარმოუდგენელია, თუმცა რეჟისორმა სემ მენდესმა მაინც მოახერხა ჯუდ ლოუს ბრწყინვალე გარეგნობის დამახინჯება. მსახიობი ნაკლებად მომხიბვლელი იერით წარსდგა პუბლიკის წინაშე, თუმცა ზუსტად გადმოსცა საკუთარი პერსონაჟის შინაგანი გახრწნა, რითაც კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ როლს ერთნაირად კარგად ერგება.

„ცივი მთა“ (Cold Mountain, 2003) – მართალია, ენტონი მინგელას სამხედრო დრამა, რომლის მოქმედება სამოქალაქო ომის ფონზე ვითარდება, მონოტონური და ცოტა მომქანცველი გამოვიდა, მაგრამ სწორედ ლოუმ შეძლო მისი გახალისება და „ოსკარის“ ნომინაციის დამსახურება.

„გულთამპყრობელი“ (I Heart Huckabees, 2004) – დევიდ რასელის ეგზისტენციალურ კომედიაში ლოუმ ტიტულოვანი პარტნიორები დასტინ ჰოფმანი, იზაბელ იუპერი, მარკ უოლბერგი დაჩრდილა და ბრწყინვალედ განასახიერა უნივერმაღების ქსელის წარმომადგენელი, რომელიც ყველას თავს აბეზრდებს მოჭარბებული ენთუზიაზმითა და  ხანგრძლივი მონოლოგებით ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე.

„შერლოკ ჰოლმსი“ (Sherlock Holmes, 2009) – გაი რიჩის ფილმში, რომელიც ჰოლმსის თავგადასავლების თანამედროვე ვერსიად იქცა და ბოევიკს უფრო დაემსგავსა, ვიდრე დეტექტივს, ლოუს არა მხოლოდ არტისტული შესაძლებლობების დემონსტრირება, არამედ სერიოზული ტრიუკების შესრულება, ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობა და  მიზანში სროლა მოუწია, თუმცა მსახიობმა ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას.

„შავი ზღვა“ (Black Sea, 2014) – კევინ მაკდონალდის სათავგადასავლო ტრილერში ლოუმ საბოლოოდ თქვა უარი რომანტიკული პერსონაჟის ამპლუაზე და ნაცისტების განძს დადევნებული მეზღვაური განასახიერა, რომელიც მსახიობის კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო და მოულოდნელ პერსონაჟად იქცა.

„სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ (The Grand Budapest Hotel, 2014) – მართალია, უეს ანდერსონის საკულტო ფილმში ჯუდ ლოუმ ახალგაზრდა მწერლის მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, თუმცა სწორედ ის იქცა ისტორიის მთხრობელად. აღსანიშნავია, რომ ისეთი ცნობილი ვარსკვლავების ფონზე როგორიც რეიფ ფაინსი, უილიამ დეფო, ედრიან ბროუდი და ტილდა სუინტონია, ლოუმ მაინც შეძლო თვითმყოფადი და დასამახსოვრებელი პერსონაჟის შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g