LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კახას ყოფილი საბჭოთა კავშირი ცეკვით აქვს შემოვლილი” – ინტერვიუ კალაძის მასწავლებელთან

ყოფილი ფეხბურთელი, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ახლა უკვე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, სამტრედიაში დაიბადა და გაიზარდა.

“ფორტუნამ” სცადა, გაერკვია, როგორი ბავშვი იყო კახა კალაძე და ამ მიზნით მისი სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს, მარინა გედენიძეს, ესაუბრა.

მოწესრიგებული, ბეჯითი და პასუხისმგებლობით სავსე – ეს ის თვისებებია, რომელიც როგორც მარინა გედენიძე ამბობს, კალაძეს ბავშვობიდანვე ჰქონდა.

 

  • როგორ გაიხსენებთ  კახა კალაძის ბავშვობას?

ძალიან საყვარელი ბავში იყო, გაბუტული ტუჩებით ამოიხედავდა ხოლმე…  ჩაცმა უყვარდა ძალიან. სულ ლამაზი ჩაცმული დადიოდა, იმის მიუხედავად, რომ ფორმა ეცვა. მაშინ ე.წ. რუსული ფორმები იყო, ერთ პერიოდში ყელსახვევები ეკეთათ, სულ ახალ-ახალს იკეთებდა და მას ეს ვიზუალში ძალიან უხდებოდა.

ოდნავ მოზრდილ თმას ატარებდა. ადრე ტეხილი თმა ჰქონდა, ახლა რაღაც სწორი თქმა აქვს… ისე უხდებოდა…

მართალია, ახლა თბილისის მერი იქნება, მაგრამ ჩემთვის იმ ბავშვად დარჩება, რომელსაც სკოლაში ვხედავდი…

 

  • სკოლაში როგორ იქცეოდა?

კახა ჩემი მესამე შვილი იყო. ჩემი შვილის კლასელი იყო, აქედან გამომდინარე, უფრო ახლოს ვიყავი კახასთან და მის ოჯახთან.

ეჯიბრებოდნენ ხოლმე ბავშვები, კლასები ერთმანეთს. თავს დადებდა, რომ გაემარჯვა და მისი ეს წარმატება ყველას წარმატება ყოფილიყო.

საერთოდ, ყოველთვის გუნდური პრინციპით მოქმედებდა. მისი ინტერესები დაქვემდებარებული იყო კლასის საერთო ინტერესთან. როგორც თვითონ იყო კარგი, ასეთივე კლასი უნდოდა ჰყოლოდა.

გუნდურობა იყო მთელი ცხოვრება მისი ხასიათის დამახასიათებელი შტრიხი.

 

  • ბეჯითი და მოწესრიგებული

კახა სკოლაში ფორმის გარეშე არასდროს მოსულა. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. მოსწავლის ფორმა სულ ეცვა. ყოველთვის ჰქონდა ჩანთა და ყველა წიგნი. მეცხრე კლასამდე ასე იყო.

ეს მისი მშობლების დამსახურებაა, განსაკუთრებით დედის, რომელსაც ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული სკოლა, წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, მაგრამ ერთი დღე არ უმუშავია.

კვირა არ გავიდოდა, რომ ის სკოლაში არ მოსულიყო.

ერთხელ კახამ მითხრა, დედაჩემისნაირ ხაჭაპურს ვერავინ აცხობსო, სულ მადლობას უხდის მას.

მიუხედავად იმისა, რომ  საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო,  მანქანით სკოლაში არასდროს მოუყვანიათ, ჩვეულებრივად მოდიოდა სხვებივით, ფეხით…

დღის მეორე ნახევარში ველოსიპედითა და მოტოციკლით შემოირბენდა ხოლმე ჩვენთან.

 

  • ბავშვი სიცელქის და სკოლა შატალოს გარეშე არ არსებობს, მაგრამ მარინა გედენიძე ამბობს, რომ …

კალაძე შატალოზე არ ყოფილა

ერთხელ კახას ჰკითხეს, გაკვეთილებს თუ აცდენდიო, ალბათ, ეთაკილა და არ თქვა. არასდროს აცდენდა სკოლას. კახა გაკვეთილიდან არ გაპარულა.

 

  • თუმცა დაბალ კლასებში ჰქონდა ერთი სუსტი წერტილი – ცეკვა…

კახას ყოფილი საბჭოთა კავშირი ცეკვა-ცეკვით აქვს შემოვლილი

განსაკუთრებით დაბალ კლასებში, მას ერჩია, წასულიყო რეპეტიციაზე, ვიდრე სხვაგან.

მისი ქორეოგრაფი იყო გურამ სიხარულიძე. როცა ის გაკვეთილზე შემოიხედავდა ხოლმე, კახა ყელზე მოიკიდებდა ხოლმე ხელს და „მასწ“ გამიყვანეო, ეხვეწებოდა.

 

კახას რომ შეხედავ, იფიქრებ, რომ თითქოს გულჩათხრობილია. არ ამჟღავნებს ხასიათს, ემოციას. ლევანიკო უფრო გახსნილი იყო ამ მხრივ.

ცოტა ხნის წინაც მითხრა ჩემმა ბიჭმა, შენ კიდევ არ იცი, კახა როგორი კეთილიაო. ყველას ეხმარება, მაგრამ ამაზე არ საუბრობს.

 

  • საყვარელი საგანი

ისტორიას ვასწავლიდი და ეს იყო მისი საყვარელი საგანი. განსაკუთრებით უყვარდა საქართველოს ისტორია.  ვერ ვიტყვი, რომ მე შევაყვარე, მაგრამ მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ალბათ ამის დამსახურებაცაა.

მარინა გედენიძე

 

  •  უფროს კლასებშიც ასეთი ბეჯითი იყო?

წარმოგიდგენიათ, რომ “დინამოს” ფეხბურთელი, ჩემპიონატის შემდეგ, სკოლის მიერ შედგენილი სპეციალური გრაფიკით, დეკემბერსა და ივნისში, ჩამოდიოდა და აბსოლუტურად ყველა საგანს აბარებდა, გამოცდის სახით. ამის დასტური გვაქვს.

ერთხელ, ერთ დღეში ორი გამოცდა ჩააბარა. ამას აკეთებდა უდიდესი პასუხისმგებლობით. მე ხაზს არ ვუსვამ იმას, რომ ასეთი ნიჭიერი სკოლაში არავინ ყოფილა, მაგრამ ძალიან მონდომებული იყო და მასში იყო ლიდერი, რომლის უკანაც იყო მისი კლასი, ლიდერი, რომელიც წინ მიუძღვოდა ამ თავის კლასს, „გუნდს“ და მიჰყავდა გამარჯვებებისკენ.

 

  • საამაყო მოსწავლიდან – პოლიტიკურ მოღვაწემდე

მე საოცრად მიყვარდა ფეხბურთი, როგორც გოგონას. მაგიდაზე ყოველთვის მქონდა ცნობილი ფეხბურთელების სურათები, როცა უკვე დირექტორის რანგში ვიყავი და კახა “დინამომ” მიიწვია, ჩემზე ბედნიერი ამ ქვეყნად ქალი არ დადიოდა.

ჩემი მოსწავლე, თან ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი, გახდა ცნობილი ფეხბურთელი, შემდეგ კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდა…

ყოველთვის მჯეროდა, რომ კახა ბევრს მიაღწევდა. მე ადრეც ვამბობდი, რომ უმაღლესი დონის პოლიტიკური მოღვაწე გახდებოდა…

 

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები