საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ. აღნიშნული ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში განხორციელდება. საავადმყოფო ფურცელს, რომელიც პაციენტის შესაბამის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაადასტურებს, სამინისტრო გასცემს.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ეფექტური ღონისძიებების განსახორციელებლად, ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით, სამინისტრო გასცემს საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინის) ტოლფას ცნობას, რომლის საფუძველზეც დასაქმებულ ადამიანებს ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ და სრულად აუნაზღაურდებათ კარანტინისა და თვითიზოლაციისას გაცდენილი სამუშაო დღეები“ ,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ეკა ადამია აცხადებს, რომ ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, ასეთი პირებისთვის საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი გაიცემა.
„დამსაქმებლებისთვის ეს საბუთი ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება. ცნობის მიღება შესაძლებელია ელექტრონულად [email protected]ზე განცხადების გამოგზავნის შემდეგ. ინფორმაცია ჩვენი მხრიდან გადამოწმდება. ჩვენი მონიტორინგის სამსახური ჩართულია, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირების, ასევე საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების დაკვირვების პროცესში და ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე გვექნება შესაძლებლობა, რომ გავცეთ ეს ცნობა“, – განაცხადა ეკა ადამიამ.
თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გაცდენილი საათების ანაზღაურებასთან ერთად, მეწარმეების ინტერესიც უნდა გაითვალისწინონ
ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების აღრიცხვასა და მონიტორინგზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი პეტრიაშვილმა. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გაცდენილი საათების ანაზღაურებასთან ერთად, მეწარმეების პრობლემების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს. პეტრიაშვილი საუბრობს იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება აღნიშნულ საკითხს მოჰყვეს, ამიტომ პეტრიაშვილი გამოსავალს მთავრობის, დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და დასაქმებულთა წარმომადგენლების ერთობლივ შეხვედრებში ხედავს.
“საჭიროა, სახელმწიფო სტრუქტურებმა ზედმიწევნით კარგად გაითავისოს ეს პრობლემები და შეუქმნან პირობები იმ ადამიანებს, რომელთაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი თვითიზოლაციის რეკომენდაციას მისცემს, რომ მათ რეალურად თვითიზოლაცია განახორციელონ და არ ჰქონდეთ შემხებლობა სხვა მოქალაქეებთან. ამისთვის საჭიროა, რომ ის პერიოდი, როდესაც ისინი თვითოზოლაციაში არიან, დამსაქმებელმა მათ აუნაზღაუროს. რა თქმა უნდა, ეს რისკია დამსაქმებლისთვის და სწორედ ამიტომ, მთავრობამ, დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა დასაქმებულთა წარმომადგენლებმა შეხვედრები მოაწყონ და რისკები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაინაწილონ”, – აცხადებს პეტრიაშვილი.
მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი ფართო განხილვას საჭიროებს, ვინაიდან შესაძლებელია მან წარმოშვას გარკვეული რისკი მეწარმეებში.
“საკუთარ თავს რომ თვითიზოლაცია გამოვუცხადოთ, დამსაქმებელი, რასაკვირველია, არ გაითვალისწინებს. ეს უნდა იყოს კორელაციაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ადგენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა გარკვეული მონიტორინგი უნდა განახორციელონ. თუ მეწარმეებს რისკი დაუდგინდათ, არ შეიძლება მათი პრობლემების გაუთვალისწინებლობა. ბუნებრივია, უნდა მოხდეს გარკვევა: თუ ადამიანი, რომელიც ქმნის პროდუქციას, მისი ბიზნესი და ხელფასი არის ამ პროდუქციიდან გამომდინარე და თუ არ აქვს შესაბამისი საშუალება, რომ აუნაზღაუროს ეს, რაც ამ იძულებით მოცდენის პერიოდშია, უნდა მოხდეს დიალოგი და დასაქმებული და დამსაქმებელიც უნდა შეთანხმდნენ”, – აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარე.
80 ინფიცირებული ქვეყანა: ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ გრძელდება
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა. ამ ეტაპზე, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი იმყოფება, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც საკარანტინო სივრცეებსი არიან მოთავსებული, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში მყოფი 24 პაციენტიდან დღეს 11-ს აუღებენ ანალიზს. ბოლო ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებში დაახლოებით 97 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 92 პირი იმყოფება.