LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი ხარისხის ვაქცინა თუ გვინდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ – თენგიზ ცერცვაძე

136
fdghfeh

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინის დაგვიანებით შეწუხებულია, თუმცა საზოგადოებას ურჩევს საკითხს სხვა კუთხითაც შეხედოს. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მსოფლიოში ვაქცინაცია 103 ქვეყანაში დაიწყო, უმეტესმა ქვეყანამ ჩინური და რუსული პრეპარატით აცრა მოსახლეობა, რაც საქართველოსთვის მიუღებელია.

„შეპირებულ ვადებთან შედარებით ვაქცინის შემოტანა რომ იგვიანებს და გადაიწია სავარაუდოდ 2-3 კვირით, ამას მოჰყვა სერიოზული ვნებათაღელვა და ხმაური. მიდის გარჩევა, თუ რატომ მოხდა, ვისი პასუხისმგებლობაა და ა.შ. ასე ნუ დავაყენებთ საკითხს. ვაქცინების დეფიციტია მთელ მსოფლიოში. ძალიან ბევრ ქვეყანას საქართველოს გარდა აკლია ვაქცინა, ასევე დაირღვა მიწოდების ვადები. არ არის სწორი, როცა ამბობენ, რომ საქართველოს გარდა ყველამ დაიწყო ვაქცინაცია. ეს არის ნათქვამი ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ. სიმართლე არის ის, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ. 200-ზე მეტი ქვეყანაა მსოფლიოში და ყველას კი არა, ნახევარზე მეტსაც არ დაუწყია. მთავარი, რასაც არ უნდათ, ჩვენმა ოპონენტებმა მიაქციონ ყურადღება – ამ 103 ქვეყნიდან დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია დაიწყო ჩინური ან რუსული ვაქცინით, შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ-ევროპული ვაქცინებით.

მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, რამეთუ ახლა გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია, მივაღწიოთ სტაბილიზაციას; გაზაფხულ-ზაფხულის მერე, ყველაზე კარგი ეპიდსიტუაცია გვაქვს და მინდა, ეს რაც შეიძლება ჩქარა გამაგრდეს საყოველთაო ვაქცინაციით, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. რუსულს არ ვახსენებ, რადგანაც რუსული არც ნდობას არ იმსახურებს და პოლიტიკურად მიუღებელია. კარგიც რომ აღმოჩნდეს, მასზე უარს იტყვის საქართველო. ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია. ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ და გახსოვთ, რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა, პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რიგმა ექიმებმა, გახსოვთ, როგორი აღშფოთება გამოხატეს. ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი, ბატონო, ისმინა ქვეყნის ხელმძღვანელობამ მათი და არ შემოიტანა ჩინური ვაქცინა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ-ევროპულ ვაქცინას”- თენგიზ ცერცვაძის ამ კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

"საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ" - ჯანდაცვის მინისტრი კოვაქს პლატფორმაზე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ამ ეტაპზე ისინი კოვაქს პლატორმისგან განმარტებებს ელოდებიან.

მისივე თქმით, საქართველო ისეთივე წარმატებული იქნება ვაქცინაციაში, როგორც ზოგადად, კოვიდის მართვაში.

„ასე რომ, ვიყოთ სამართლიანები. ნუ არის სულ ქილიკი, ლანძღვა, ნიშნის მოგება იმაზე, თუ რატომ დაიგვიანა ორი-სამი კვირით ვაქცინამ. იმ ქვეყნებში, რომლებსაც გვახარბებენ – რუანდა, განა და ა.შ. იმ ქვეყნების მიმართ მსოფლიოს დამოკიდებულება სხვაა, მათ შორის „კოვაქსის“ და გაერო-სი. იქ აგზავნიან ჰუმანიტარულ დახმარებას, სასმელ წყალს, აგზავნიან ორცხობილებს. გასაგებია, მათ ასე უდგებიან იმიტომ, რომ იქ შიმშილია, ძალიან ღარიბი ქვეყნები არიან და „კოვაქსს“ თავისი წესები და კანონები აქვს. ამ წესებით და კანონებით ასეა და ჩვენ ხომ არ შევაცვლევინებთ რეგულაციებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და დამიჯერეთ, აკეთებს ჩვენი ხელმძღვანელობა, სამინისტროც, მთავრობაც და უსამართლობა, ტენდენციურობა, ქილიკი, ლანძღვა და საყვედური ამაზე, თითქოს ვინმეს ბრალი იყოს, რომ ვაქცინამ დაიგვიანა. ეს არის სიტუაციის ბრალი და იმის ბრალი, რომ ვაქცინების დიდი დეფიციტია ბაზარზე, მაგრამ საქართველო მიიღებს ვაქცინებს. დაიჯერეთ, შეიძლება მცირედი დაგვიანებით, მაგრამ მიიღებს და სამაგიეროდ, ჩვენ მივიღებთ გამართულად, ეტაპობრივად და საკმარისი რაოდენობით. როდესაც გამოდიან ნიშნის მოგებით ჩვენი ოპონენტები და სამწუხაროდ, სიხარულით ამბობენ, რომ საქართველო ვერ შეასრულებს ვაქცინაციის წლის გეგმას, დამთავრდება ეს წელი, შევხვდებით ერთმანეთს და ვნახავთ, ჩვენ შევასრულებთ ვაქცინაციის წლიურ გეგმას და შევასრულებთ წარმატებით, როგორც დღემდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია კოვიდის მართვაში ზოგადად, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში. მე ასე ვთვლი“. – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g