წალენჯიხაში „საქართველოს უნივერსიტეტის“ კემბრიჯის საერთაშორისო სკოლა აშენდება. პროექტის პრეზენტაცია „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორმა კოკა თოფურიამ გამართა.
BMG-ის ინფორმაციით, პროექტის საჭირო ფინანსურ რესურსებს „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „წალენჯიხის განვითარების ფონდი“ გამოყოფს, რომლის მთავარი დონორიც მამუკა ხაზარაძეა.
წალენჯიხაში კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის კამპუსი 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მათგან 250-ს კამპუსში ცხოვრებაც შეეძლება. სკოლა-ინტერნატს ექნება საცხოვრებელი, სადაც მშობლები და პროფესორ-მასწავლებლები შეძლებენ დარჩენას. პროექტის ავტორების თქმით, კამპუსი წალენჯიხიდან 10 წუთის სავალზე აშენდება და ტერიტორიაზე სპორტული მოედნები, საცურაო აუზები, კულტურული ცენტრი სააქტო და სხვა დარბაზები განთავსდება.
უნივერსიტეტის რექტორის კოკა თოფურიას განმარტებით, სკოლაში სწავლა ქართველი მოსწავლეებისთვის გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე – უცხოელებისთვის.
კამპუსი, დაახლოებით, 2-3 წელიწადში აშენდება. კერძო სკოლაში სწავლა მოსწავლეებს მე-6 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით შეეძლებათ.
წყარო: BM.GE
„იუვენტუსთან“ კონტრაქტს ხელი მოეწერა: „ვულოცავ წალენჯიხელებს და ყველა გულშემატკივარს“