„ფაქტობრივად, სუსის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი, მათ შორის ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე უკან არ იხევენ. შეშლილი „პუტინისტები“ არიან, ანრი ოხანაშვილი და რუსეთუმე „პუტინისტი“ დეპუტატები ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის მზად არიან“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვისას მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, იმ პირებიდან, რომლებმაც ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს, არცერთი არ არის მანდატური.
„ფაქტობრივად, სუსის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი, მათ შორის ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე უკან არ იხევენ. შეშლილი “პუტინისტები” არიან, ანრი ოხანაშვილი და რუსეთუმე “პუტინისტი” დეპუტატები მზად არიან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვისაც. ამათ პასუხი უნდა გავცეთ ყოველ მიზეზგარეშე, გავცემთ და დაგველოდონ. პუტინისტური კანონი არ მოგვწონს.
დარბაზი ჩვენ არ დაგვიტოვებია, 12-მა კაცმა დაგვატოვებინა. ვინც ხელს უშლის ამათ, ვინც ხმამაღლა საუბრობს და არ უნდა პუტინის თუთიყუშების კანონი მიიღონ, ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიაზრონ.
დღეს “პუტინისტები” არიან ხელისუფლებაში, შეუძლიათ ძალის გამოყენება, შეუძლიათ აი, ეს სუსის თანამშრომლები მოიყვანონ, ესენი არცერთი მანდატური არ არის. უბედურება ხდება, ამათ შეხედეთ სახეზე, არცერთი მანდატური არ არის. სუსის სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან, ფორმაც არ აცვიათ, ვინ არიან იცნობთ? დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭების დიდ უმრავლესობას, რუსების წინააღმდეგ ნაომარი ექნებათ. დედას გეფიცებით, გული მეწვის, აი, ამათ შეხედეთ და ახლა იცავენ პუტინს, რუსულ კანონს, მერე შვილებს ეტყვიან, რომ მამა კი ვიომე იქ მაგრამ, ანრი ოხანაშვილმა და ირაკლი კობახიძემ გამარუსაო“. – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, რომ ხვალ კანონპროექტებზე მსჯელობა პლენარული სხდომის ფორმატში უნდა გაგრძელდეს, ხაბეიშვილმა განაცხადა:
„რა ხვალ?! ამ პუტინისტებს დედა უნდა ვუტიროთ, ხალხო, რაზე მელაპარაკებით. დედა უნდა ვუტიროთ პუტინისტებს და რუსებს. როგორ და ხალხთან ერთად. მაგას განახვებთ, როგორ“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატო-სა და საქართველოს დროშები გადმოფინეს.
აღნიშნულს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“, „რუსებო“.
ამავე თემაზე:
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“