LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხისგან დისტანცირებული პოლიტიკური ელიტა – რას ფიქრობენ IRI-ს კვლევებზე პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები

173
fortuna.ge (6)

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI)-ის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო კვლევებს პოლიტიკურ სპექტრსა და საექსპერტო წრეებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ერთი მხრივ, მმართველი ძალა ამტკიცებს, რომ მიუხედავად „ტენდენციურად“ ჩატარებული კვლევისა, შედეგები მეტნაკლებად რეალობასთან ახლოსაა, ოპოზიციაში კი აზრი ორადა გაყოფილი – ნაწილი მიიჩნევს, რომ „აირაის“ კვლევების დასრულების შემდეგ, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა და შესაბამისად, ის რეალური ვერ იქნება, ხოლო, მეორე ნაწილი აცხადებს, რომ კვლევამ „ქართული ოცნების“ რეიტინგის მკვეთრი ვარდნა ცალსახად აჩვენა.

ექსპერტების მოსაზრება კი ასევე განსხვავებულია – ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ IRI-ს კვლევას გარკვეულ ნაწილში აქტუალურობა დაკარგული აქვს, რადგან, კვლევის ჩატარების შემდეგ ბევრი სისტემური მოვლენა მოხდა, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ IRI-ის კვლევების შედეგები ზუსტად ასახავს მოსახლეობაში არსებულ განწყობებს.

 „ქართული ოცნებას“ კვლევების სანდოობაში ისევ ეჭვი ეპარება?!

 

„აირაის“ კვლევის შეფასებაზე საუბრისას, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, დავით მათიკაშვილს კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ გაახსენდა და თქვა, რომ ამ კვლევის სანდოობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

 

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, კვლევისთვის საველე სამუშაოებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ორგანიზაცია ასრულებს, თუმცა ამის მიუხედავად, ამ კვლევითაც კი დასტურდება, რომ მოსახლეობისთვის ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია: IRI

“კვლევის შედეგების ცდომილების მიუხედავად, IRI-ის ​ბოლოს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საზოგადოების 60 პროცენტი ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პოლიტიკა უნდა წარმოებდეს პარლამენტში.

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, რასაც საკმაოდ ობიექტური საფუძველი გააჩნია, რადგან საველე სამუშაოებს  “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ორგანიზაცია ასრულებს.

კითხვის ნიშანი თითქმის ყველა კვლევასთან მიმართებაში არსებობს, რადგან კვლევის საგანსა და შემდგომ დამდგარ შედეგს შორის,10-15 და 20 პროცენტიანი ცდომილებაც კი იყო. ამის მიუხედავად, ბოლოს გამოქვეყნებული დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საზოგადოების 60 პროცენტი ამბობს, რომ ოპოზიცია  პარლამენტში უნდა შევიდეს და პოლიტიკა პარლამენტში უნდა წარმოებდეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი იმთავითვე ლეგიტიმაციას აძლევსსაპარლამენტო არჩევნებს იმთავითვე ლეგიტიმაციას აძლევს. აქ 48 პროცენტზე არ არის საუბარი, საუბარია მოქალაქეთა გაცილებით დიდ პროცენტზე, რომელთა დღის წესრიგში კითხვა განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, საერთოდ არ არსებობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

“ბოიკოტს არანაირი საფუძველი არ გააჩნია – მოქალაქეების განწყობა აშკარაა”

 

ამავე საკითხზე საუბრისას  „ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა კი, ხაზი მოსახლეობის განწყობას გაუსვა და აღნიშნა, რომ მათი დამოკიდებულება აშკარაა.

“იმდენად აშკარაა ჩვენი მოქალაქეების განწყობა – რომ ბოიკოტს არანაირი საფუძველი არ გააჩნია, მოქალაქეების 60 პროცენტი ამ კვლევითაც კი ამბობს, რომ ბოიკოტი მიუღებელია, ეს არის მთავარი გზავნილი,” – განაცხადა დეპუტატმა.

მოსახლეობის 35% ხმას “ქართულ ოცნებას, ხოლო 18% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა: IRI-ის ახალი კვლევა

პაპუაშვილმა ისიც დარწმუნებით თქვა, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობას კვლევები არ სჭირდება.

 

 

მისი თქმით, ეს მათთვის ნათელია ოპონენტების საპროტესტო აქციებით, რომლებზეც მოქალაქეები არ მიდიან, რადგან არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ, ბოიკოტს მხარს არავინ არ უჭერს.

“ამ კვლევების ვალიდურობასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი დათქმები გვაქვს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, იმდენად  ჩვენი მოქალაქეების განწყობა აშკარაა, რომ ბოიკოტს  არანაირი საფუძველი არ აქვს. თუ ოპოზიცია ამ კვლევებს ენდობა, ხომ უნდა გაუსწორონ სიმართლეს თვალი, მინიმუმ, იმ კვლევების მიხედვით, რომელიც მათთვის სანდოა.

ამის მიუხედავადაც კი, თუკი ისინი მაინც არ შემოდიან პარლამენტში, ეს ან მიამიტობაა, საკუთარ გადაწყვეტილებაში გაჯიუტება და კაპრიზები, ან ეს არის მიზანმიმართული, განზრახ ქცევა, რომ რამენაირად გამოიყენონ ყველა საშუალება ქვეყანაში სიტუაციის არევის, შიდა თუ გარე უკმაყოფილების გამოწვევის, რომ მიაღწიონ მთავარ საწადელს და მიიღონ ძალაუფლება, რომელსაც არჩევნების გზით ვერ იღებენ და ცდილობენ ის მოქალაქეებს იმით წაგლიჯონ, რომ გამოიწვიონ არეულობა და ამღვრეულ წყალშიძალაუფლების წყარო ნახონ ,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

IRI-ის გამოკითხულთა 27% ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა – “ქართული ოცნებას”, 26% კი – “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას”

 

“ქართული ოცნება” მყარად ლიდერობს რეიტინგებში”

 

“ამ ტენდენციურმა კვლევამაც კი აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” მყარად ლიდერობს რეიტინგებში,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევა შეაფასა.

 

 

მმართველი ძალის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად ამ ორგანიზაციის ოპოზიციისადმი ზოგადი მიკერძოებულობისა, ბოლო გამოკითხვამ  “ქართული ოცნების” უპირობო ლიდერობა მაინც ნათლად გამოკვეთა და საზოგადოების მკვეთრი აზრი, რომ მოსახლეობის უმეტესობა ოპოზიციას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის აუცილებლობისკენ მოუწოდებს.

“ამ ტენდენციურმა კვლევამაც კი აჩვენა, რომ მოსახლეობის 60% პარლამენტის ბოიკოტირებას მხარს არ უჭერს. აჩვენა ისიც, რომ “ქართული ოცნება”  რეიტინგებში მყარად ლიდერობს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ განწყობაზე, რომ ქუჩიდან პოლიტიკურმა საქმიანობამ პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ამილახვარმა.

“არეულობა ჩვენი ოპონენტების ბანაკში მთავარი ტრენდია”

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით კი, „IRI-ის კვლევაში რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ხმების გაყოფა იმ დაპირისპირებულ მოსაზრებებს აჩვენებს, რასაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კიდევ უფრო გააღრმავებს, გაამწვავებს და ქვეყნისათვის აუტანელს გახდის.” ვოლსკის თქმით, “ეს ბრიუსელში და ვაშინგტონში ესმით, მაგრამ არ უნდათ გაიგონ კახეთის გზატკეცილზე.”

 

 

“როგორც ცნობილია, უმრავლესობას IRI-ის და NDI-ის კვლევების მიმართ ყოველთვის კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და ამ კვლევებს ოპოზიცია ყოველთვის ენდობოდა. მათ ციფრებს განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობა“ იშველიებდა. NDI-ის კვლევის უფრო მაღალი ციფრი აჩვენებს იმ უკმაყოფილო ხალხსაც, ვისაც მიაჩნია, რომ დაპირისპირება პარლამენტში უნდა იყოს და მთავარი საკითხები პარლამენტში უნდა წყდებოდეს,“ – მიიჩნევს გია ვოლსკი.

მისივე აზრით, შეიძლება გამოკითხულთა იმ 45 %-ში, რომელიც ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნები საჭიროა, “ქართული ოცნების“ ბევრი მომხრეცაა. ეს მოსაზრება კი ვოლსკიმ შემდეგნაირად ახსნა: „ეს მოქალაქეები ფიქრობენ – ჩაატარეთ არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ თავის ადგილზე დააყენეთ ეს ხალხიო, მეორენი ფიქრობენ პირიქით – “ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და იქნებ ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, როცა ქვეყანაში არეულობაა. არეულობა ჩვენი ოპონენტების ბანაკში მთავარი ტრენდია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

„მოქალაქეები“ მმართველ გუნდის პოზიციას იზიარებს

 

მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შესული პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გარკვეულწილად მმართველ გუნდს ეთანხმება და ამბობს, რომ ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტი უნდა დასრულდეს.

 

 

ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ 60%-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვინც ფიქრობს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი უნდა დასრულდეს. ამის შესახებ დეპუტატმა “საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შეფასებისას დღეს თქვა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ბოიკოტი უნდა დასრულდეს, ვინაიდან მას, ელისაშვილის შეფასებით, აზრი არ აქვს.

“IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ პოლარიზაცია დასასრულებელია, ბოიკოტს უკვე აზრი აღარ აქვს. ამას ყველა უნდა მიხვდეს. რეალობის აღქმა, რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია, ესე იგი ძალიან ცუდი პოლიტიკოსი ხარ. დარწმუნებული ვარ, 60%-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვინც ფიქრობს, რომ ბოიკოტი უნდა დასრულდეს. ხალხის რეალურ პრობლემებზე უნდა საუბრობდნენ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალეკო ელისაშვილმა.

 

 ოპოზიციის განსხვავებული აქცენტები

 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ  “საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა.” როგორც მან დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვლევის მიხედვით, ოპოზიციის ჯამური პროცენტი გაცილებით მეტია, ვიდრე “ქართული ოცნების,“ რაც მისი აზრით, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საპროტესტო მოძრაობის მართებულობას, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს.

 

 

გოცირიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის და რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ძალაუფლების უზურპაციის დაძლევა შეუძლებელია, რაც კვლევამაც დაადასტურა.

IRI-ის კვლევა გვიჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა: რომან გოცირიძე

ენმ-ს კიდევ ერთ ლიდერი, სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ IRI-ის კვლევა რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, შედეგები რეალობას არ ასახავს. სამადაშვილის თქმით, კვლევების დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა.

 

 

„ამას კვლევაც არ სჭირდება, რადგან ვხედავთ ჩვენს გარშემო, რომ საზოგადოება პოლარიზებულად არის გაყოფილი. ნახევარს მიაჩნია, რომ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები, შესაძლოა ნახევარს მიაჩნია, რომ არ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, ჩემი აზრით, ის დღეს, რეალობას არ ასახავს, იმიტომ, რომ მას შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა – პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგა და ეს კვლევა 26 თებერვალს დასრულდა. ჩემი აზრით, დღეს, რომ ჩაატარო კვლევა, საბოლოო ჯამში, ვვარაუდობ, რომ საერთოდ განსხვავებულ სურათს მიიღებთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

გამამხნევებელი ხალხის სურვილიპარლამენტი ნახონ როგორც ფუნქციური, სრულყოფილი და  მრავალფეროვანი ორგანო „ლელო“

 

პარტია “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ წარდგენილ კვლევის შედეგებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ გამამხნევებელია ხალხის სურვილი, პარლამენტი ნახონ როგორც ფუნქციური, სრულყოფილი და  მრავალფეროვანი ორგანო. მისი თქმით, სწორედ ასეთი პარლამენტისთვის იბრძვისლელო საქართველოსთვის.”

 

 

“ვეთანხმები იმ ნაწილს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ოპოზიცია, მათ შორის “ლელო” წარმოდგენილი იყოს პარლამენტში. მეტიც, იმიტომ მივიღეთ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა, რომ ჩვენი სურვილია – სწორედ საპარლამენტო ფორმატში წარვმართოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს ასეთი გულუბრყვილო წარმოდგენა, რომ პარლამენტში მხოლოდ ფიზიკურად ყოფნა მიაღწევს იმ მიზნებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. ამ კვლევაში ეს კარგად აისახა.

ამიტომ ჩვენ ვიბრძვით, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, მანდატები, რომელიც ცესკო-მ მოგვაკუთვნა , მაქსიმალურად იყოს გამოყენებული – არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევავსოთ სკამები, არამედ იმიტომ, რომ პარლამენტში შევიდეთ შესაძლებლობით, მოვაგვაროთ საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს,”– თქვა ნაცვლიშვილმა.

 

„ოცნების“ რეიტინგის მკვეთრი ვარდნა

 დღეს, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას  “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკიც გამოეხმაუარა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ეს კვლევა აჩვენებს, თუ რამდენად დაცემულია საზოგადოებაში “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა, რაც მათ შორის,  მისი სიტყვებით, კოვიდის და რეგულაციების ბოროტად გამოყენების გამოა გამოწვეული.

 

 

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა აღნიშნა, რიგგარეშე არჩევნების მიმართ, მოსახლეობის თითქმის ნახევრის მხარდაჭერა, მაშინ როდესაც არჩევნები სულ რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, მიანიშნებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია ქვეყანა შესული.

„პირველ რიგში, ეს გამოკითხვა აჩვენებს, რამდენად არის დაცემული ნდობა “ქართული ოცნების” მიმართ, რომ მათ მთლიანად გაფლანგეს ის კრედიტი, რაც პანდემიის დროს ჰქონდათ, მათ შორის, კოვიდის ბოროტად გამოყენების გამო.

რაც შეეხება ბოიკოტის თემას, რა თქმა უნდა, ბოიკოტი არავის არ მოსწონს და უდავოდ ცუდი ამბავია, მაგრამ ამავე დროს, კიდევ ერთი შედეგი ამ კვლევისა არის ის, რომ მაშინ, როცა არჩევნები სულ რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, გამოკითხულთა პრაქტიკულად ნახევარი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რამდენად ღრმა კრიზისშია შესული ქვეყანა, რასაც ასევე ეს გამოკითხვა უკლებლივ ყველა სფეროში ზომავს ,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

ანალიტიკოსების შეფასება

 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ IRI-ს კვლევას გარკვეულ ნაწილში აქტუალურობა დაკარგული აქვს, რადგან, მისივე სიტყვებით, კვლევის ჩატარების შემდეგ ბევრი სისტემური მოვლენა მოხდა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ცვლილებები, რომლებიც აღნიშნული კვლევის შედეგებს შეცვლიდა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებასა და ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურებას უკავშირდება.

 

 

ამასთანავე, ხუხაშვილმა ივარაუდა, რომ ამ კვლევის პოლიტიკურ ნაწილში მხოლოდ ის პუნქტები არ შეიცვლებოდა, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტსა და მათ მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას ეხება.

„საერთოდ გასაკვირია, ასეთი დაგვიანებით რატომ მოხდა ამ კვლევის აქტუალიზაცია, როცა შეიძლებოდა  მისი ბევრად უფრო ადრე გამოქვეყნება. შეიძლება ზუსტად იმიტომაც არ გამოქვეყნდა, ველი რომ სრულდებოდა, გახარიას გადადგომა დაემთხვა, ეს რყევები დაიწყო, მაშინ ეტყობა რაღაც დაბნეულობა იყო და ამ პერიოდის შემდეგ გადაწყვიტეს გამოქვეყნება.

ხელისუფლების რეიტინგი, ჩემი აზრით, ამ თვენახევრის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცემოდა, თუნდაც იმიტომ, რომ გახარია წავიდა და უავტორიტეტო პრემიერ-მინისტრმა ჩაანაცვლა, ადამიანმა, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს,“ – განაცხადა დღეს გია ხუხაშვილმა.

 

ნეგატიური არჩევანის სახიფათო ნიშნული

 

მისი თქმით, ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება ამ კვლევაში დავინახოთ, არის ნეგატიური არჩევანის ძალიან სახიფათო ნიშნული, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მიმართ.

„რადგან ჩვენ ვიმყოფებით ნეგატიურ პოლიტიკურ ციკლში, როდესაც პოზიტიური დღის წესრიგი, ფაქტობრივად, არავის არ აქვს, რეიტინგებზე მნიშვნელოვანი არის ნეგატიური რეიტინგები.

ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას და ასეთი ერთი პოლუსის შემთხვევაში არის – 27% და მეორე შემთხვევაში – 26%, ჩემი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ყველაზე კარგად აჩვენებს იმ პოლიტიკურ ჩიხს, რომელშიც დღეს ქვეყანაა შესული.

პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, უფრო მეტად არის დისტანცირებული ხალხისგან, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ აიგივებენ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან საკუთარ არჩევანს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კლების ხარჯზე, მკვეთრად გაიზარდა,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

IRI-ის კვლევების შედეგები მოსახლეობაში არსებულ განწყობებს ზუსტად ასახავს 

 

“IRI-ის კვლევების შედეგები  მოსახლეობაში არსებულ განწყობებს ზუსტად ასახავს – კარგი იქნება თუ პოლიტიკური სპექტრი ამას რეალურად შეაფასებს და რეალურად დაინახავს რა სჭირდება საზოგადოებას, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, მოსახლეობის განწყობები არჩევნებამდეც იგივე იყო და არ შეცვლილა.

“ვფიქრობ, რომ IRI-ის კვლევები საკმაოდ სანდოა და ძალიან კარგი იქნება თუ პოლიტიკური სპექტრი შეხედავს ამას და გადაბრალებას კი არ დაიწყებს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი როგორ მოიქცეოდა და რას გაკეთებდა, არამედ იმაზე იფიქრებს თუ მათდამი დამოკიდებულება როგორ არის შეცვლილი, ან როგორ უყურებს საზოგადოება ამ ვითარებას.

ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, ამაზე იმავეს ფიქრობს და იმავეს მოუწოდებს ყველა ჩვენი პარტნიორი და ეს ასეა. ის, რომ “ქართულ ოცნებას” 35% მისცემდა ხმას და “ნაციონალურ მოძრაობას” -18% – ეს დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც იყო ხოლმე არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე.

განწყობები დაახლოებით იგივე იყო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კი არჩევნები იდეალურად არ ჩატარებულა, მაგრამ არც ისეთი მასობრივი გაყალბება ყოფილა, როგორც ამას ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ძალები ასახელებენ,“- აღნიშნა ძაბირაძემ.

 

რა სურს დასავლეთს

 

“ვფიქრობ, რომ ამ კვლევით დასავლეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ოპოზიციას როგორმე უბიძგოს პარლამენტში შესვლისკენ და დაანახოს, თითქოსდა მათ რიგგარეშე არჩევნების დროს ნაკლები პერსპეტივა აქვთ, – ასე გამოეხმაურა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგებს ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე.

 

 

„რიცხვები, საიდანაც უნდა ამოვიდეთ და მსჯელობა დავიწყოთ, ვფიქრობ, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” უარყოფითი რეიტინგებია – 27% და 26%, რომლებიც მათ არასდროს მისცემდა ხმას. შესაბამისად, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თავის არჩევანში ერთგვარად თავისუფალია ანუ გამოდის, რომ სხვადასხვა გარემოებების შემთხვევაში, ან ერთი ან მეორე ძალისთვის ხმის მიცემას არ გამორიცხავენ.

“მე ამ ამომრჩეველს ე.წ. თავისუფალ ფორვარდებს დავარქმევდი, რომელთაც თავისი, მყარად ჩამოყალიბებული ელექტორალური ანტიპატია არ აქვს და შეიძლება მათი სიმპატიები გარემოებების მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალოს. „ნაციონალური მოძრაობის“ 26%-იან უარყოფით რეიტინგთან უნისონში მოდის სააკაშვილის განცხადებაც, რომ საქართველოში რომ გამატარო, 24 საათის განმავლობაში ხალხის 70% -ს მოვაგროვებო, რადგან ეს სწორედ ის ციფრია, რომელიც უარყოფითი რეიტინგის მიღმა რჩება,” – განაცხადა დღეს ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, კვლევაში ოპოზიციის რეიტინგის კლების ტენდენციასთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვს, თუმცა რიცხვების სიზუსტეზე ვერაფერს იტყვის.

„ტენდენცია არის ცხადი. ეს სრულიად რეალურია, რომ ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება იყოს, აქ კითხვები არ მაქვს, თუმცა ვერაფერს გეტყვით ციფრებზე.

ოპოზიცია მიმდინარე პოლიტიკური პერიპეტიებიდან გამომდინარე, ამომრჩეველთან ცოცხალ კომუნიკაციას მოწყდა და ტელევიზიის ჩარჩოებში ჩაიკეტა. მას ყურადღების მიღმა დარჩა ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი თემები. ოპოზიცია თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა და თითქოს ამომრჩეველი და პოლიტიკური ელიტა პარალელურ სამყაროებში არსებობენ.

სასიცოხლოდ აუცილებელი თემები

 

რა თქმა უნდა, სასიცოხლოდ აუცილებელია ის თემებიც, რა თემებზეც ახლა ოპოზიცია აქცენტს აკეთებს, სხვაგვარად ამ ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდება და თუ ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდა, ვერც იმ პრობლემების აღმოფხვრა მოხერხდება, რაშიც ქვეყანა იხრჩობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პრობლემებით ოპოზიცია არ უნდა იყოს დაკავებული,” – ამბობს ექსპრტი IPN-თან საუბრისას.

ამასთან, როგორც ლაგაზიძე ამბობს, იგი იმ ტენდენციას ემხრობა, რომ ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება იმატებს, შესაბამისად, იკლებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, მაგრამ არ იკლებს ოპოზიციური განწყობა და ეს მისი თქმით, მნიშვნელოვანია.

“მე ოპოზიციის ამ შემცირებულ რეიტინგებში ერთგვარად დავინახე დასავლეთის სურვილი, მოტივაცია გაუჩინოს და უბიძგოს ოპოზიციას პარლამენტისკენ.

აქაც გარკვეულწილად დასავლეთის სურვილი არის დომინანტური, რომ ოპოზიციას ამ კვლევით დაანახოს – თქვენ რა გელოდებათ რიგგარეშე არჩევების შემთხვევაში და თქვენთვისვე სჯობს პარლამენტში შეხვიდეთო,” – აღნიშნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი, რაც ამ კვლევამ აჩვენა, არის როგორც ამომრჩევლებში იმედგაცრუება, ასევე მათში სიახლის, ახალი ენერგისაა და იდეების მოლოდინი.