LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური პარლამენტთან: ერთმანეთს სამართალდამცავები და სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

170
86932158-125971585458577-6928452134497157120-n

პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ოპოზიციის წარმომადგნლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატს პარლამენტში შესვლა აქტივისტების შეძახილების ფონზე მოუწია. აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის პიკეტირებას ცდილობენ, რასაც აქტვისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სამართალდამცავები მათ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ და არ აძლევენ საშუალებას დღეს პარლამენტში მიმდინარე პროცესი მშვიდობიანად გააპროტესტონ.

როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა საზოგადოების შეურაცხყოფის მაგალითია, რის გამოც ივანიშვილის მთელი ვერტიკალი უნდა შეიცვალოს.

“პრეტენზიების მთელი პაკეტია ზოგადად, ივანიშვილის მიდგომა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ყველა შტოში, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პროკურატურაშიც მისი პოლიტიკური გუნდის წევრები კი არ არიან, მისი პირადი ხელქვეითები არიან და მის დაკვეთას ასრულებენ. მაგრამ შოთაძესთან დაკავშირებით არის დამატებითი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფის მაგალითი, იმის, რომ ფეხებზე მკიდიხარ. ეს კაცი გადადგა არა იმიტომ, რომ ოპონენტებს დევნიდა, რაც თავისთავად ცუდია, ეს იყო ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ. ივანიშვილის და “ოცნების” მომხრეები, დეპუტატებიც კი აღშფოთებულები იყვნენ, როგორ მოიქცა ეს კაცი ასეთი ტრაგედიის დროს, როცა მისმა უწყებამ სამსახურებრივი ნეპოტიზმის გამო ხელი დააფარა ვიღაცეებს. ახლა ეს ყველაფერი ვითომ არ ყოფილა და ხელახლა სთავაზობენ საზოგადოებას კაცს, რომელზეც “ოცნების” მომხრეებიც კი აღშფოთებულები იყვნენ. “სილქნეტივით” არიან, პატარა მეხსიერება უნდათ რომ ჰქონდეს საზოგადოებას, რაც ასე არ არის! სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით რომ მხარს დაუჭერენ შოთაძეს, ამიტომ არის ივანიშვილის მთელი ვერტიკალი გამოსაცვლელი”, – აცხადებს ბოკერია.

 

აქციაზე იმყოფება “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ანზორ ბიწაძეც. მისი თქმით, თუ საჭირო გახდება აქციები საპარლამენტო არჩევნების დღემდეც გაგრძელდება

“როდესაც ბიძინ ივანიშვილმა გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნა, მას შემდეგ, რაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და საზოგადოება მის გადადგომას მოითხოვდა, ამას შემდეგ პროპორციული არჩევნების ჩაგდება მოჰყვა. ახლა დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს. საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად გადაყენებული შოთაძე დაინიშნა კვლავ გენერალურ პროკურორად და ძნელად პროგნოზირებადია, რა სიურპრიზს მოაყოლებს ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება”. აქცია იქნება კანონის ფარგლებში და თუ საჭირო გახდება, ეს აქციები საპარლამენტო არჩევნების დღემდეც გაგრძელდება. ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულ დემოკრატიას, ელემენტარულ სამართლიან არჩევნებს”, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროტესტს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროტესტი საქართველოში დემოკრატიის არსებობაზე მიუთითებს. მისი თქმით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ნებისმიერ პლატფრომაზე.

“რაც შეეხება პროკურორის დამტკიცების საკითხს, ჩემი პატივისცემის მიუხედავად ოპოზიცის მიმართ, პასუხისმგებლობა გვაქვს არა მხოლოდ ოპოზიციის წინაშე, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, თანამდებობაზე დავამტკიცოთ პროკურორი და გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ინსტიტუტებს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ის, რომ ოპოზიცია კანდიდატურას არ ეთანხმება, ნორმალურია და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, რაც არის კანონით გათვალისწინებული პროცედურა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსნებთ, საპროკურორო საბჭომ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მისი მოსმენა 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.დღეს პარკლამენტში ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე უნდა დაამტკიცონ.

გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g