LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიაში საქართველოს საელჩო იხსნება

132
Untitled design

ხორვატიაში საქართველოს საელჩო იხსნება. ამის შესახებ საქართველოსა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა თქვა, რომ „საქართველოს საელჩო დღეს ზაგრებში გაიხსნება“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

„უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია და ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია ხორვატიაში, ქვეყანაში, რომელსაც ახლო მეგობრად და სანდო პარტნიორად მივიჩნევთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ხორვატიასთან ურთიერთობას, ეს არის სამაგალითო სახელმწიფო საქართველოსთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ხორვატიამ საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირები სისრულეში მოიყვანა, როდესაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდში, ქმედითად დაასრულა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, როდესაც ევროზონასა და შენგენის სივრცეს მიუერთდა. წელს ხორვატია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობას ანიჭებს.

ამასთან, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო ზაგრებში. ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და კავშირები კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის.

ასევე მინდა ვახსენო, რამდენად ვაფასებთ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამ გზაზე თქვენი შემდეგი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს. განსაკუთრებით მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრის ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კულტურული და ტერიტორიული მსგავსება მრავალი მიმართულებით შეიტანს დადებით წვლილს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირის გაღრმავებაში, გაძლიერებაში, ხალხთა შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g