პარტია “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ საქართველო კონტრაბანდული დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება.
ხვიჩიას შეფასებით, ეს განცხადება ერთგვარი გაფრთხილებაა და მისი სიტყვებით ნიშნავს იმას, რომ: “რამეზე ხელი არ წაგიცდეთო”:
“უბრალოდ, რას ნიშნავს კონტრაბანდული დერეფანი, ამას უფრო მეტი დეტალიზაცია სჭირდება და ალბათ, თუ საქართველო გახდა კონტრაბანდული დერეფანი, ეს არ დაიმალება.
მტკიცებულებებიც დაიდება და ადამიანებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საქმეში გარეულები არიან. ამიტომ დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას და ვისურვებდი, არ ამხდარიყო ის პროგნოზი, რაზეც ვსაუბრობთ.
გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო, ჩემი აზრით, ეს განცხადება ამას ნიშნავს. მე მგონია, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციაც ექნება უკრაინულ მხარეს და პირიქით, უკრაინული ინფორმაცია ექნება ამერიკულ მხარეს, უბრალოდ, ვინ გაახმოვანებს ამ ინფორმაციას, ეს სხვა გარემოებაა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა.
“სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში”, – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოში.
გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტროც.
ამავე თემაზე წაიკითხავთ:
კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა: კახა კალაძე