LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოცენტრი აფინანსებს ფილმებს, რომელთა უმრავლესობა დაუსრულებელია, მოგვიწევს დაფინანსების წესის გადახედვა: თეა წულუკიანი

232
teawulukiani2421

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, შესაძლოა კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსების წესი გადაიხედოს. როგორც მინისტრმა რადიო “ფორტუნა პლიუსის” გადაცემა  “ვიზიტორში” განაცხადა, იგი უშუალოდ გაეცნობა კინოცენტრის საქმიანობას და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდგომ მიიღებს. 

მისი თქმით, სჯობს დაფინანსდეს ცოტა ფილმი, რომელიც კრეატივს, სიახლეს, პატრიოტიზმს, დეოკუპაციასა და დევნილების თემებს მიეძღვნება. ამასთან, ორიენტირებული იქნება ამა თუ იმ რეჟისორის პირველი ფილმი დააფინანსოს, რადგან მინისტრის აზრით, პირველი ნაბიჯი ყველა სფეროში რთულია.

“ჩვენი სამინისტროს ქვეშ არსებობს ე.წ კინოცენტრი, ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ვაზუსტებ, ჯერ არ ჩამიხედავს მათ საქმიანობაში, დრო არ მქონდა, მაგრამ იქამდეც აუცილებლად მივალ.

ამბობენ, რომ კინოცენტრი აფინანსებს ფილმებს, რომელთა უმრავლესობა უნდა დასრულებულიყო, გამოსულიყო ეკრანზე, მაგრამ დასრულებულიც კი არ არის. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ კინოცენტრი უბრალოდ არაეფექტიანად ხარჯავს იმ სახსრებს, რომელიც ხალხის ჯიბიდანაა ამოღებული და მათ ასიგნებები ჰქვია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოგვიწევს ამ დაფინანსების წესის გადახედვა.

სჯობს დაფინანსდეს ცოტა ფილმი, რომელიც კრეატივს, სიახლეს, პატრიოტიზმს, დეოკუპაციას, დევნილებს და ბევრ სხვა ასეთ თემებს მიეძღვნება და იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ამა თუ იმ რეჟისორის პირველი ფილმი დააფინანსოს, რადგან პირველი ნაბიჯი ყველა სფეროში რთულია,” – განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ეფექტიანი ხარჯვა.

“იყოს თუნდაც მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ან სულაც მხატვრული, მაგრამ გააჩნია რა თანხა გვაქვს და რა გვინდა. მთავარია ეფექტიანი ხარჯვა და შედეგის მიღება. შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ წავახალისოთ უფრო მეტი პროფესიონალი, რომ კინობაზარზე შემოვიდეს.

ბევრი მესმის იმის შესახებ, რომ ქართული კინოინდუსტრია აღარ არსებობს, ვერავითარ დაპირებას ვერ მოგცემთ, რომ ამ სფეროს ავაღორძინებ, რადგან ჯერ სწორი დიაგნოზებია დასასმელი,” – განაცხადა კულტურის მინისტრმა.