„რუსეთმა საქართველოში რომ ომი დაიწყოს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მძიმე რუსეთისთვის, რადგან რამდენიმე ათეული ათასი, შეგნებულად არ ვაკონკრეტებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო უნდა მოაცდინოს საქართველოში, თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჟურნალისტებმა კობახიძეს მის მიერ გუშინ, 5 ივლისს, გაკეთებული განცხადებაზეც დაუსვეს კითხვა, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ თუკი, თეორიულად საქართველოშიც დეკემბრამდე ომი დაიწყება, მაშინ ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
კობახიძის განცხადებით, მეორე ფრონტი საქართველოში რუსეთს სიტუაციას გაურთულებდა, თუმცა ის დამანგრეველი იქნებოდა საქართველოსთვის.
„რა თქმა უნდა, საქართველოში მეორე ფრონტი რუსეთს გაურთლებდა ყველაფერს უკრაინის ფრონტზე. საქართველოსთვის ეს ომი, მიუხედავად ამ გართულებისა, იქნებოდა გამანადგურებელი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ომი ავარიდოთ.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.