15 წლის მოზარდის გარდაცვალების საკითხი იყო დღევანდელი მთავრობის სხდომის მთავარი თემა. პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ლუკა სირაძის ოჯახს და სახელმწიფოს მიერ საჭირო და აუცილებელ ქმედებებზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ სამ სამინისტროს კონკრეტული დავალებები მისცა და თითოეულ უწყებას კოორდინირებულად განსჯა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაავალა.
“პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდის დაკითხვის და ამ სივრცის თვალსაზრისით. განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე მაშინ, როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან მათ აქვთ შეხება. ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომელიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ მინისტრმა განათლების სისტემის იმ ფუნქციაზეც ისაუბრა, რომელიც გულისხმობს მოზარდებთან ყოველდღიურ მუშაობას სკოლებში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში. მისივე განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა უმკაცრესად დაისჯება – გიორგი გახარია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება
„დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როცა ჩვენ კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები და ვფიქრობ, დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს, განათლების გაუმჯობესებისა და სისტემური რეფორმების მიმართულებით, რაც ეხებათ მოზარდებს, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.