LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტი გოდერძი ზამთრის მორიგი თავგადასავლისთვის – „ბონ ვოიაჟი“

616
qw

25 დეკემბრიდან  საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებზე სეზონი გახსნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის სპორტის მოყვარულების დროა. გარდა ამისა უხვი თოვლი და სადღესასწაულო დღეებისთვის შესაბამისი გარემო ყველა მსურველს ელის. „ბონ ვოიაჟი“ ამჯერად კურორტ გოდერძიზე გეპატიჟებათ.

ზამთრის კურორტებს შესაბამისი ინფრასტრუქტურით 2015 წლიდან აჭარაში მდებარე კურორტი გოდერძიც შეუერთდა, რომელიც კიდევ უფრო უხვთოვლიანია და ამის გამო წლიდან წლამდე პოპულარული ხდება.

მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარე კურორტი ზღვის დონიდან 2350 მ-ზე მდებარეობს. გოდერძი თბილისიდან 252 კმ-ით, ხოლო ბათუმიდან 109 კმ-ით არის დაშორებული.

ორი საბაგირო დამსვენებელს მთელი კვირის განმავლობაში ემსახურება. აქ წარმოდგენილია როგორც საშუალო სირთულის ასევე რთული ტრასები. რეგიონში, კურორტს ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს, რომლის საერთო სიგრძე 8 კმ-ია. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 4.5 კილომეტრია. დამწყებებს შეუძლიათ ისწავლონ სრიალი მცირე ზომის 150 მეტრიან ტრასაზე.გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებში ნამდვილ აღტაცებას იწვევს კურორტის დათოვლილი ფერდობები.

აქვე, გარდა ზამთრის კურორტზე დასვენებისა შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზესი მწვანე ტბა. ტბასთან მისვლა შესაძლებელია, როგორც მაღალი გამავლობის ავტომობილით, ასევე საფეხმავლო გზით. ხიხანის ციხე ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხე აჭარაში. გადმოცემის მიხედვით, ხიხანის ციხეს ბევრი მიწისქვეშა საიდუმლო გზები ჰქონია, რომელთა საშუალებით ბლოკადის, ან სხვა გაჭირვების დროს ახლომახლო სოფლებს უკავშირდებოდნენ. აქვეა პოპულარული მთის კურორტი ბეშუმი თავისი გასაოცარი ბუნებითა და გარემოთი.

კურორტ გოდერძის მონახულება წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნოა, უალტერნატივოა ცხელი ზაფხულის დღეებშიც.

კურორტზე ფუნქციონირებს როგორც სასტუმროები, ასევე კოტეჯები. სასიამოვნო დღის შემდეგ კი კიდევ უფრო ამაღლებული განწყობის შესაქმნელად დააგემოვნეთ  ადგილობრივი კერძები და სასმელი,გადაიღეთ შთამბეჭდავი ფოტოები და აივსეთ დაუვიწყარი ემოციებით.