LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაპარაკობენ ყველაფერს ერთი გათვლით, უნდათ ხალხს შეეცოდოს: ბასილაშვილის სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს იწყება

325
fortuna 22

საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ამის შესახებ „ფორტუნას“ ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბასილაშვილის  დაცვის მხარე  ყველანაირად ცდილბს, საზოგადოებას საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი შეაცოდოს.

 

სასამართლო პროცესის წინ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ბასილაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა დაამტვრია ბასილაშვილის ჯილდოები. თქვენ საპასუხოდ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ეს არასწორია. რამდენად ფიქრობთ, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თქვენ გაიმარჯვებთ – 20 ოქტომბრის მოლოდინები როგორია?

ყველა ბრალდებას, რომელსაც მედიის საშუალებით საზოგადოებას აწვდიდნენ, პასუხი გავეცით. მათ შეეძლოთ, თუ სიმართლეს შეესაბამება დაზიანების ფაქტები, მიემართათ პოლიციისთვის და გამოძიება დაეწყოთ. მეტიც. ჩვენს ფეისბუქგვერდზე დევს მასალა, სადაც ყველა მისი ჯილდო ვიდეომასალაზეა ასახული. ჩვენ შევთავაზეთ მათი წაღება, თუმცა დღემდე არ წაუღიათ. ამ ყველაფრის მიზანი ერთადერთია, რომ ტყუილი გაავრცელონ და ამით ქალის დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც საბედნიეროდ არ გამოსდით.
რაც შეეხება მოლოდინს, მოლოდინი გვაქვს, რა თქმა უნდა, იმის, რომ დადასტურდება ძალადობის ფაქტები. სასამართლო პროცესი იწყება 20 ოქტომბერს და ამ დღეს არაფერი მთავრდება. 20-ში პირველი სხდომაა წინასასამართლო და ყველანი ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ცხადია, ჩვენ გვჯერა, რომ დანაშაული მოხდა და გამოძიებას მაქსიმალურად ვთანამშრომლებით. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასამართლოს.

რამდენჯერმე რატომ გადაიდო სასამართლო პროცესი?

საგამოძიებო ორგანოს აქვს ამის უფლება, მას სჭირდებოდა დამატებითი დრო გამოძიებისთვის. ამაში უცნაური არაფერია. ეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ყოველ მეორე საქმეზე ხდება ხოლმე.

თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის დამოკიდებულება თუ იცით, რატომ აქვს წაგებების სერია ნიკოლოზ ბასილაშვილს? 

ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტული თუ სხვა პირადი ცხოვრება არანაირად არ ეხება ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანს. როგორ ითამაშებს, რა წარმატებები ექნება და რა წარუმატებლობები, მხოლოდ მისი საქმეა. ამ მიზეზებზე მხოლოდ მას უნდა ჰკითხოთ.

ერთ-ერთი თამაშის წინ პროვოკაციაში დაგადანაშაულათ მისმა ადვოკატმა. თქვენ გაავრცელეთ, რომ ბრალი დაუმძიმდა ბასილაშვილს და ადვოკატი კი ამბობდა, რომ  ბრალი დაუზუსტდა და არა დაუმძიმდა. რადგან ეს მოხდა მნიშნელოვანი შეხვედრის წინ, ადვოკატი საუბრობდა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე  კვლავ ფსიქოლოგიურად მოქმედებდა…

ამაზე მხოლოდ ერთადერთი კომენტარი მაქვს. ვისურვებდი, რომ ადვოკატები საუბრობდნენ მხოლოდ ფაქტებით. კონკრეტული საფუძვლის გამოყენებით და არ დაემსგავსოს მათი საუბარი პროფესიის მიღმა მყოფი ნებისმიერი სხვა ადამიანის საუბარს. რეალურად იმოქმედონ მხოლოდ ეთიკის შესაბამისად, რომელიც ჩვენს პროფესიას ბოჭავს.|
ჩვენს ქვეყანაში ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება. ისაუბრონ, რაც სურთ, მაგრამ სერიოზულობისა და საფუძვლიანობის კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არასერიოზულად ჩაითვლება მათი განცხადებები. დაახლოებით ასეთი სტილის ბრძოლა აქვთ არჩეული ადვოკატებს. ლაპარაკობენ ყველაფერს მარტო ერთი გათვლით, საზოგადოებაზე მოახდინონ გავლენა. შეაცოდონ ეს ადამიანი საზოგადოებას, გამოიწვიონ აგრესია ქალის მიმართ და ამით მართონ პროცესები. ეს დრო წარსულს ჩაბარდა და ასე არ მიმდინარეობს ახლა სიმართლის დადგენა, ამიტომ რაც უნდათ, ის თქვან, ოღონდ  ეთიკის ფარგლებში. რამდენად სერიოზულად აღიქმებიან ისინი საზოგადოების თვალში, ეს უკვე სხვა საქმეა. მე არ ვიცი, მათ განცხადებაზე სხვა რა დამოკიდებულება უნდა მქონდეს. ესაა მხოლოდ ინფორმაციით მანიპულაცია, იმისთვის, რომ ქალის დისკრეტიტაცია მოახდინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები