ეკონომიკის მინისტრი ლარის გაუფასურებას ნეგატიური ფონით და სპეკულაციური განცხადებებთ ხსნის. ნათია თურნავა აცხადებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო და ეს ოფიციალურმა სტატისტიკამაც ცხადყო, არ არსებობს რაიმე ორგანული, ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული სიღრმისეული მიზეზი, რომელიც წლის პირველ 6 თვეში ლარის კურსზე ნეგატიურ როლს ითამაშებდა.
„ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს პოზიტიური ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი, ინფლაცია გეგმის ფარგლებში. მეორე მხრივ, გვაქვს პრობლემები, რომლებიც შეიქმნა ლარის კურსთან დაკავშირებით – აქ ცალსახად ვხედავთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ნეგატიური საინფორმაციო ფონი, სპეკულაციური განცხადებები. ზოგი ამას ნებსით აკეთებს, ზოგი – უნებლიეთ და არის გარკვეული პანიკური განწყობების დათესვის მცდელობები. ძირითადად სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებს ლარის კურსზე“, – აცხადებს თურნავა “იმედის” ეთერში.
მისივე შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები ხელოვნურია, არ არის სიღრმისეული და არ აქვს ორგანული მიზეზი. აქედან გამომდინარე, მინისტრის განცხადებით, ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას არანაირი ორგანული საფუძველი არ გააჩნია.