3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.
დედის დღე პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.
დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დედის დღე ცალკე აღინიშნება.
დედები მილოცვებს სოციალურ ქსელშიც იღებენ.
მომღერალი ნატალია ქუთათელაძე დედას, ეკა მამალაძესა და ბებიას, ნანი ბრეგვაძეს ერთად ულოცავს 3 მარტს:
„ბედნიერ დედის დღეს ვუსურვებ ჩემს ორ უმშვენიერეს დედას.“ – წერს ნატალია ქუთათელაძე.
პროდიუსერი კახა მამულაშვილი დედის ახალგაზრდობის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მამულიჩას მეგობრები დედამისის სილამაზით აღფრთოვანდნენ და აღნიშნავენ, რომ მისი და ლელა წურწუმიას ქალიშვილი მარიკო, ბებიას ჰგავს.
დედას გაზაფხულის პირველ დღესასწაულს ულოცავს მომღერალი ანრი ჯოხაძე.
„დედა რუსუდან, გილოცავ“. – წერს ანრი ჯოხაძე.
„ჩვენო ლამაზო და ტკბილო დედიკო. გვიყვარხარ. დიდხანს უნდა იკაშკაშო და იბრდღვიალო, ჩვენი გულის გასახარად. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია და გაგიღია ცხოვრებაში, რომ საკუთარი თავი მეპოვა ამ სამყაროში!
უძალიანესად მიყვარხარ! დედის დღეს გილოცავ!“. – წერს ინგა გრიგოლია და დედასთან ერთად ბავშვობაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
„მადლობა და გილოცავ“. – წერს მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დედის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს.
„დედის დღეა. რამდენიმე კვირის წინ რაღაც შეხვეული ფუთა გამომიგზავნა. ჰოდა, სანამ ფუთას გავხსნით, ამბავს შესავალი სჭირდება. უკვე სრულიად ბანალურ და უიმედოდ აუცილებელ კითხვებს ხან წინ უსწრებს და ხანაც მოსდევს – „თმები გჭირდება“. მე, ამხელა ნარცისი კაცი, აბა, როგორ ვიგუებ ამ მოწოდებას და ვეუბნები, ასეც ძალიან მიხდება- მეთქი. მასე ვის უხდებაო, რომ მეუბნება, ურბანული ფოლკლორიდან ვიცი საზეპირო და იმას ვაგებებ: ჯეისონ სტეითემს- მეთქი.
ეგ ჯეისონ სტეითემი და მისი ფილმები დიდად მეც არ მომეხსენება, მაგრამ რადგან სხვაგან ჭრის, ბარემ აქაც იყოს, თუმცა – ამაოდ. აბა, კეპი რატომ გახურავსო? კეპი, მეთქი იმიჯია, ბიუროკრატის სტერეოტიპს ვამსხვრევ! ამოყვანა რომ მინდოდეს, გადავინერგავდი! და კიდევ მაქვს მომზადებული რამდენიმე მკვლელი ფრაზა – ეგეც ამაოდ.
და, აი, ფუთაში, ყინულებში შეფუთული რაღაც წამალი დევს. და წამალს ახლავს ეს ინსტრუქცია. გაეცანით:“. – წერს გიორგი კეკელიძე.